საზოგადოება

სინოდალური კომისია დეკანოზ პეტრე კოლხისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას ითხოვს

13 თებერვალი, 2024 • 1614
სინოდალური კომისია დეკანოზ პეტრე კოლხისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას ითხოვს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისია დეკანოზ პეტრე კოლხისთვის (კვარაცხელია) მღვდელმსახურების დროებით შეჩერებას ითხოვს.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით – უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული:

„კომისიამ არასაპატიოდ ცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ“, — ვკითხულობთ დასკვნაში.

დოკუმენტში მითითებული არ არის, კონკრეტულად რას ედავება სინოდალური კომისია სასულიერო პირს

ამავე სხდომაზე სინოდალურმა კომისიამ ასევე განიხილა დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის საკითხიც.  კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა კომისიის წევრების წინაშე ითხოვა შენდობა მასმედიის საშუალებით სასულიერო პირების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო:

„მისი სინანულის საფუძველზე, კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე), რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს სრულად აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება“, — ნათქვამია სინოდალური კომისიის დასკვნაში.

საპატრიარქო გასული წლის ბოლოს აცხადებდა, რომ ცქიფურიშვილი სხვა სასულიერო პირებისთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო დასაჯეს.

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც 2021 წლის 5 ივლისს, ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის დაწყებისას, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უთხრა, რომ ღმერთისთვის ძალადობა ვალდებულებაა, მსახურებიდან მაშინაც მხოლოდ დროებით მოხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი