მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის საქმეზე პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა.
მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი იყო, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თანამდებობა დატოვა.
ასევე პროკურატურის ინფორმაციით, დღეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, “ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.
“საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მიღებამ საქმეში უკვე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც.
კერძოდ, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა იყო უხარისხო, ვინაიდან მასში არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. ტუმბოების მოწყობის ინსტრუქციაში არ იყო მითითებული, რომ ტუმბოები უნდა დამონტაჟებულიყო დამცავი გათიშვის მოწყობილობის გამოყენებით, ასევე პროექტში არ იყო ასახული ელექტრო ტუმბოს დახურვის მეთოდი ისე, რომ ელექტრო ტუმბო ყოფილიყო მიუწვდომელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, მასში ტუმბოები განთავსებული იყო შადრევნის აუზის გარეთ, ხოლო კორექტირებულ პროექტში ტუმბოები შეტანილია შადრევნის აუზში.
ექსპერტიზამ ასევე დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში, უშუალოდ ძრავების მკვებავი კაბელიდან ელექტრო დენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა.
ექსპერტიზებით ასევე დადასტურდა, რომ ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში მოწყობილი იყო 220 ვოლტ ძაბვაზე მომუშავე მართვის აპარატურა, საკაბელო ხაზები არ იყო მოწყობილი შესაბამისი დაცვის მქონე მილებში. ამასთან, არ იყო დამონტაჟებული რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაური).
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით კიდევ ერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი დადგინდა. კერძოდ, 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,გრინსერვისი +“-ს შორის თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, ფაქტიურად მოწყობილი ელ.ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ,,გრინსერვის+“-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. აღნიშნულ ცვლილებებს თან არ ახლდა სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა მათი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 16 მარტს და 15 აგვისტოს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსსა და შპს ,,გრინსერვის+“-ის დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე უკვე დამტკიცებული პროექტი შეიცვალა.
საბოლოოდ, შპს ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,გრინსერვის+“-ს მერიის საქალაქო სამსახურისთვის არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები აღნიშნული დოკუმენტების გარეშე მიიღო”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ელექტრო ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.
“რაც შეეხება კიდევ ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ასევე რომ 2020 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,LMC“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის თაობაზე. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს ,,LMC“-მ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, რაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას მოიცავდა, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიან“-ს მიმართა.
2020 წლის 15 სექტემბერს და 2021 წლის 2 ივნისს, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანი“-ს ინჟინერ-კონსტრუქტორმა დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად პროექტი თითქოს შესრულებული იყო სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მან, ინსპექტირების ჩამტარებელ ექსპერტებად ანგარიშში მიუთითა ისეთი რვა პირი რომლებსაც შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაიანში“ არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად ხსენებულ დოკუმენტებზე 8 ექსპერტის ნაცვლად, ხელი მოაწერა შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანი“-ს ინჟინერ-კონსტრუქტორმა და შპს ,,LMC“-ის წარმომადგენლებს გაყალბებული დასკვნები გადასცა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებული 9 პირის, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.