ახალი ამბები

„ოცნება“ პარლამენტში II მოსმენით მიიღებს პროექტს ერთპარტიული ცესკოს დაკანონებაზე – სიორიძე

9 თებერვალი, 2024 • 637
„ოცნება“ პარლამენტში II მოსმენით მიიღებს პროექტს ერთპარტიული ცესკოს დაკანონებაზე – სიორიძე

პარტია „ლელოს“ წევრის და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სიორიძის განცხადებით, დღეს „ქართული ოცნება“ პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღებს პროექტს ერთპარტიული ცესკოს დაკანონების შესახებ.

მისი თქმით, მიუხედავად ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნისა, რომელიც მმართველმა პარტიამ მოითხოვა, ახლა თავად აიგნორებს დასკვნაში გამოთქმულ რეკომენდაციებს და საარჩევნო რეფორმის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მორგებას ცდილობს.

„ისინი ცდილობენ მოიპარონ არჩევნები, მაგრამ მათი მცდელობები ფუჭია! სამწუხაროდ, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ არ მორიდებია ფაქტების დამახინჯებას და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერები ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს პარლამენტში, ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების შესახებ გამართულ შეხვედრაზე, ყველა ოპოზიციური პარტია დათანხმებია ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმების გადაწყვეტილებას – ეს არ შეესაბამება სიმართლეს!

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის გაუქმება, რომელიც მთელი ოპოზიციის კვოტაა და არა „ლელოსი“, მიუღებელია  როგორც ქართული ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე, ევროპელი პარტნიორებისთვის“, – აცხადებს გიორგი სიორიძე.

სიორიძის თქმით, ამ საერთო წინააღმდეგობის ფონზე, დღეს „ქართულ ოცნებას“ განსახილველად გამოაქვს დაწუნებული საარჩევნო რეფორმა და მხარს დაუჭერენ ნაბიჯის უკან გადადგმას, რომელიც 9 დათქმის შესასრულებლად წინ უნდა გადაედგათ.

„ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ უნდა იქნეს მიღებული. „ქართული ოცნება“, ნაცვლად ამ ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციათა გათვალისწინებისა, ვენეციის კომისიის კრიტიკითაა დაკავებული. ეს შეუძლებელს ხდის ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებას და დიდ დარტყმას აყენებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს“, – აცხადებს გიორგი სიორიძე.


„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის რეკომენდაციებთან დაახლოება დააანონსა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეფასებისთვის ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს გადაუგზავნა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ მათი მოსაზრების გათვალისწინების მზაობა აღარ აქვს.

„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბოლო ორ წელში რამდენიმეჯერ შეცვალა. შედეგად, ცესკოს დაკომპლექტება სრულიად შესაძლებელი გახდა ხელისუფლების ერთი შტოს (უფრო მეტიც, ერთი პარტიის) მიერ და პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე. საკითხი პრეზიდენტს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ პარლამენტი კანდიდატებს უბრალო უმრავლესობითაც (76 ხმა) ვერ აირჩევს.

პარლამენტში ბოლოს ინიციირებული და პირველი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი 76 ხმა იქნება და კანდიდატებისთვის ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით მხარდაჭერის მიღება სცადონ.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები ვერც 76 ხმას მიიღებენ, საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, პრეზიდენტს გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და ის ერთპიროვნულად გადაწყვეტს, წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.

ამავე პროექტით, ძალაში რჩება „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე თვის წინ, ივნისში, მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი