ახალი ამბებიკინოხელოვნება

„მოუთვინიერებელი ქართული კინო” – რეტროსპექტივა ბერლინის კინოთეატრში

9 თებერვალი, 2024 • 2283
„მოუთვინიერებელი ქართული კინო” – რეტროსპექტივა ბერლინის კინოთეატრში

17 და 18 თებერვალს ბერლინის კინოთეატრი „ვოლფი”, საქართველოს კინოისტიტუტთან კოლაბორაციით, გამართავს ქართული ფილმების რეტროსპექტივას, რომელშიც ნაჩვენები იქნება 1930 წლიდან 2023 წლამდე გადაღებული 7 ქართული ფილმი.

„შეუძლებელია, 115-წლიანი საქართველოს კინოისტორია 7 ფილმში ჩაატიო, თუმცა შერჩეული ფილმების ჩვენება მიზნად ისახავს წარმოაჩინოს საქართველოს სხვადასხვა დროის პოლიტიკური, იდეოლოგიური და სოციალური კონტექსტი;  დაამტკიცოს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, ქართული კინო მოუთვინიერებელი დარჩა.

ფილმების მაყურებლამდე მიტანის მნიშვნელობა ბევრად დიდია, ვიდრე ოდესმე, რადგან საქართველოს მთავრობა და კულტურის სამინისტრო უზარმაზარ დაბრკოლებებს უქმნის კინემატოგრაფისტებს, განურჩევლად იმისა, რამდენად დიდია მათი ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარება. ფილმებში ასახული კრიტიკული ხედვები ან კინოხელოვანების კრიტიკა მთავრობის პოლიტიკის მიმართ დიდ უკმაყოფილებას იწვევს მათში. შესაბამისად, 450 კინოხელოვანი ბოიკოტს უცხადებს კულტურის ინსტიტუციებს, რადგან მასში შეიმჩნევა ცენზურის ცხადი ტენდენციები”, – წერია რეტროსპექტივის აღწერაში.

„ქართული ფილმების რეტროსპექტივაზე ნაჩვენები იქნება პირველი ქართველი ქალი რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის ფილმები: „ბუბა” და „უჟმური”. 1937 წელს, საბჭოთა დიდი ტერორის დროს, ნუცა ღოღობერიძე დაიჭირეს და 10 წლით გადაასახლეს, მისი ფილმები კი გაუჩინარდა. ფილმები მხოლოდ რამდენიმე წლის წინ იპოვეს რუსეთის არქივში”, – წერს კინოთეატრი.

რეტროსპეტივაზე ასევე აჩვენებენ ოთარ იოსელიანის ფილმს „იყო შაშვი მგალობელი”, რომელიც „ვოლფის” აღწერაში მსოფლიო კინოკლასიკად არის მოხსენიებული.

თანამედროვე ქართული ფილმებიდან კი ნაჩვენები იქნება  სალომე ჯაშის  „მოთვინიერება”, მარიამ ჭაჭიას და ნილ ვოიგტის  „ჯადოსნური მთა”,  ლუკა ბერაძის  „ღიმილიანი საქართველო” და სოსო ბლიაძის  „ჩემი ოთახი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი