ახალი ამბებიკომენტარი

როგორ არეგულირებს კანონი ე.წ. ინფლუენსერების საქმიანობას და რა იგეგმება – ინტერვიუ

6 თებერვალი, 2024 • 2081
როგორ არეგულირებს კანონი ე.წ. ინფლუენსერების საქმიანობას და რა იგეგმება – ინტერვიუ

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობს, რომელიც ე.წ. ინფლუენსერებისთვის სარეკლამო კონტენტის განთავსების სტანდარტს დაადგენს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება ამ მიმართულებით არ იგეგმება, ვინაიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი აღნიშნულ სეგმენტს ისედაც არეგულირებს და საუბარია ევროპული გამოცდილების საფუძველზე სამოქმედო სტანდარტის გაზიარებაზე იმ შემთხვევებისთვის, თუ მომხმარებელს ექნება პრეტენზია კონკრეტული ინფლუენსერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

როგორც სააგენტოში „ნეტგაზეთს“ განუმარტეს, საუბარია სახელმძღვანელო დოკუმენტზე, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება ამოიცნოს კანონის დარღვევა, რათა სააგენტოს რეაგირებისთვის მიმართოს.

როგორ არეგულირებს კანონმდებლობა ე.წ. ინფლუენსერების საქმიანობას ამჟამად, რა ტიპის ვალდებულებებს უდგენს მათ კანონი და რა ტიპის დოკუმენტის შემუშავებაზეა საუბარი — ამ საკითხებზე „ნეტგაზეთს“ იურისტი ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა.

იურისტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც რომელიმე პროდუქციის შექებისთვის თუ რეკლამისთვის ფულს აიღებს, ვალდებულია მიუთითოს, რომ ამაში ანაზღაურება მიიღო. მისი თქმით, აღნიშნული სტანდარტები ვრცელდება ყველაზე, ვინც ანაზღაურების სანაცვლოდ რეკლამას უკეთებს სხვადასხვა პროდუქციას თუ მომსახურებას და ამ შემთხვევაში გამომწერების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა:

„ერთია თუ მილიონი, თუ თანხა მიიღე რეკლამის გასაკეთებლად, ყველა შემთხვევაში კანონის მოქმედების ფარგლებში ექცევი“ ,— განმარტავს იურისტი.

მისი თქმით, კანონი ასეთ საქმიანობას კომერციულად მიიჩნევს და ინფლუენსერი (სოცქსელებში გავლენიანი ადამიანი), რომელმაც რეკლამაში ანაზღაურება მიიღო, ასევე მოვაჭრედ ითვლება. მოვაჭრეს კი კანონით ეკრძალება უსამართლო, არაკეთილსინდისიერი და შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რეკლამის შესახებ ინფორმაციის დამალვა კი ასეთ ქმედებად მიიჩნევა:

„თუ ახალ სტანდარტებს და არსებულ რეგულაციებს არ დაემორჩილებით, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო მოგთხოვთ აკრძალული ქმედების შეწყვეტას, ხოლო მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში  დაგაჯარიმებთ“, — ამბობს იურისტი.

სიმონიშვილის განმარტებით, კანონში ჩანაწერი „ქმედების შეწყვეტის“ შესახებ გულისხმობს იმას, რომ სააგენტო პირს ავალდებულებს, ერთი მხრივ, აიღოს მცდარი ინფორმაციის შემცველი მასალა, ან გააკეთოს შესაბამისი მითითება, რომ საქმე რეკლამასთან გვაქვს. მისი თქმით, მსგავსი კონკრეტიკა კანონში ვერ იქნებოდა, ამიტომაც საჭიროა სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ბრძანება, რომელსაც სავალდებულო ხასიათი ექნება და სტანდარტს დაადგენს. აქვე იურისტი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ვებგვერდზე ატვირთულ სახელმძღვანელოს სავალდებულო ხასიათი არ ექნება:

„კანონი ეხება ფართო სამომხმარებლო ურთიერთობებს, არამხოლოდ ამ საკითხს და ამიტომ შეწყვეტაზეა ზოგადად მითითება გაკეთებული, თუმცა, კონკრეტულ ურთიერთობაში შეწყვეტა რაში შეიძლება გამოიხატოს, ეს, რა თქმა უნდა, კანონის მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება დაზუსტდეს სააგენტოს ხელმძღვანელის ნორმატიულ აქტში და ის შეიძლება გამოიხატოს ამ ორი ფორმით — ან კონტენტი საერთოდ აიღოს, ან გაკეთდეს მითითება სარეკლამო მომსახურებასთან მიმართებით.

ეს რა ფორმით გაკეთდება, რა უნდა იყოს მასში მითითებული, რა ფრაზებსა და სიტყვებს უნდა შეიცავდეს ეს მითითება, ან როგორი ფორმით უნდა გაკეთდეს, რათა მომხმარებლისთვის აღქმადი იყოს, რა თქმა უნდა, ეს საკითხები უნდა მოწესრიგდეს სააგენტოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით. ასეთ სპეციფიკურ მითითებას კანონი ვერ გააკეთებს და ამისათვის არის აუცილებელი სააგენტოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი“, — აღნიშნავს სიმონიშვილი.

იურისტის განმარტებით, კანონში არსებობს ჩანაწერი, რომ წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს მომხმარებლის საჩივარი ან განცხადება, თუმცა, მისი თქმით, ეს ასევე შეიძლება მოხდეს სააგენტოს მიერ გონივრული ვარაუდის საფუძველზეც.

სიმონიშვილის თქმით, სააგენტოს აქვს უფლებამოსილება, შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვოს ინფორმაცია იმის დასადგენად, მიიღო თუ არა ინფლუენსერმა ამა თუ იმ პროდუქციის რეკლამირებისთვის ანაზღაურება, თუმცა აქვე იურისტი განმარტავს, რომ ეს მოსახერხებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებისას და შესაძლოა პრობლემური იყოს ისეთი შემთხვევები, როცა პირი პროდუქციის რეკლამირებას ბარტერის სანაცვლოდ ეწევა, ან საზღაურს ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებს.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხები უშუალოდ კანონის აღსრულებას უკავშირდება და უფრო მეტ სიცხადეს შემოიტანს პრაქტიკაში მათი განხორციელება.

როგორც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო IPN-თან აცხადებს, აღნიშნული სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება მიმდინარე წელს იგეგმება, მზად კი 2025 წლისთვის უნდა იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი