ახალი ამბებიხელოვნება

კონკურენციის სააგენტომ კინოთეატრები დააჯარიმა, Cavea სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს

9 იანვარი, 2024 • 1991
კონკურენციის სააგენტომ კინოთეატრები დააჯარიმა, Cavea სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს

კინოთეატრების ბილეთების დისტრიბუციასთან და ონლაინ რეალიზაციასთან დაკავშირებული 3 კომპანია, მათ შორის, Cavea და tkt.ge, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების დარღვევის გამო 1.6 მილიონი ლარით დაჯარიმდა. კინოთეატრები გადაწყვეტილების  გასაჩივრებას  სასამართლოში გეგმავენ. 

ინფორმაციას კომპანიების მხრიდან ავრცელებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევის შესახებ “საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო”.

“სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან, ასევე მოპასუხე მხარეებს – 3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მლნ ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

  • 1 120 562 ლარით დაჯარიმდა „სადისტრიბუციო კომპანია“, რომელიც ერთიანი ეკონომიკური სუბიექტია და აერთიანებს „სადისტრიბუციო კომპანიას“, შპს „კავეა საბურთალოს“, შპს „კავეა გალერეას“, შპს „კავეა თბილისი მოლს“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემას“, შპს „ამირანს“, შპს „აპოლო ბათუმს“.
  • 544 328 ლარი დაეკისრა შპს „თინეთს“, რომლის მფლობელობაშია tkt.ge და რომლის მფლობელი, თავის მხრივ, TBC ბანკია.
  • 5 368 ლარით დაჯარიმდა შპს „ელ.ბილეთები“, რომელიც ფლობს biletebi.ge-ს და რომელიც ამავე დროს სააგენტოში მომჩივანი იყო.

სააგენტოს მხრიდან მოკვლევის შედეგად, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული ,,სადისტრიბუციო კომპანიასა’’ და ,,თინეთს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლება მხოლოდ tkt.ge-ს ეძლეოდა.

თუმცა სააგენტომ გარიგების მონაწილედ მიიჩნია თავად მომჩივანი შპს ,,ელ ბილეთები’’, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა მსგავსი ექსკლუზივი biletebi.ge-სთვის მოეპოვებინა.

ნეტგაზეთს კინოთეატრების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

კომენტარს არ აკეთებს tkt.ge-ს წარმომადგენლობა.

ნაწილობრივ ეთანხმება სააგენტოს გადაწყვეტილებას Biletebi.ge.

“არ ვეთანხმებით სააგენტოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ Biletebi.ge დაჯარიმდა. Biletebi.ge-ს არასდროს ჰქონია ბაზრის შეზღუდვის მიზანი და მას არასოდეს დაუდია ასეთი შეთანხმება. Biletebi.ge მონაწილეობდა მოლაპარაკებაში, რომ მასაც ჰქონოდა ბილეთების ელექტრონული ვაჭრობის/გაყიდვის შესაძლებლობა, მაგრამ შეთანხმება/ხელშეკრულება არასდროს გაფორმებულა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში სამართლიანი არ არის”, – უთხრა Biletebi.ge-მ ნეტგაზეთს.

სააგენტოს მხრიდან მოკვლევა მიმდინარეობდა TBC ბანკის მიმართაც, თუმცა ბანკისა და ლონდონში მისი აქციონერი კომპანიის მიმართ დარღვევა არ დადგინდა. სააგენტომ ვერ გამოავლინა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტიც, რასაც ასევე იკვლევდა კინოთეატრების გამაერთიანებელი “სადისტრიბუციო კომპანიის” მიმართ.

კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, კინოთეატრებსა და tkt.ge-ს შორის ექსკლუზივი მოქმედი ხელშეკრულებიდან ამოიღონ.

სააგენტო ასევე გასცემს რეკომენდაციას, რომ ბილეთების ონლაინ რეალიზაციისთვის კომპანიებმა პარტნიორები საჯარო, ღია და ხელმისაწვდომი კონკურსებით შეარჩიონ. ექსკლუზივი კი მხოლოდ არგუმენტირებულად დასაბუთებულ შემთხვევებში დაუშვან.

სანქცირებულ კომპანიებს შეუძლიათ, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი