ახალი ამბები

„წამლებს 300-დან 3000 პროცენტამდე ფასნამატით ყიდიან“ — ფარმაცევტული კომპანიებზე მოკვლევა დაიწყო

6 თებერვალი, 2024 • 947
„წამლებს 300-დან 3000 პროცენტამდე ფასნამატით ყიდიან“ — ფარმაცევტული კომპანიებზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

სააგენტოს ინფორმაციით, თემა ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით – შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.

როგორც კონკურენციის სააგენტო აცხადებს, მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც 20 მედიკამენტი მაღალი (300%-3000%) ფასნამატით იყიდებოდა.

თვითღირებულებაზე 3-ჯერ ან 30-ჯერ ძვირად ფარმაცევტული კომპანიები შემდეგ მედიკამენტებს ყიდდნენ: ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ადაზალ ნეო, დოზილაქსი, ზინასენი, ლორნიკუსი, ტრიბუქსი ფორტე, დიოვანი, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ეტრიციბი, არიპრადა, პიტავასტატინი ნორმონი, დეპრერამი, ერითრომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ადმირალი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი.

კონკურენციის სააგენტოს ოფიციალური, 6 თებერვლის განცხადების მიხედვით, საკითხის წინასწარი შესწავლის ფარგლებში, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე, 2020-2023 წლებში განსახილველი 20 მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის საბაზრო წილი გამოითვალეს.

შედეგად, 8 იმპორტიორ კომპანიას, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობა (შესაბამისი ბაზრის 40%-ზე მეტი)  14 მედიკამენტის შემთხვევაში უფიქსირდება:

  1. იმპორტიორი შპს „გლობალ ცბც“, მედიკამენტები –  ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;
  2. იმპორტიორი შპს „კონცეპტ ფარმა,  მედიკამენტი – ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);
  3. იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალს, მედიკამენტები – ადაზალ ნეო (200 მგ. N2), ადაზალ ნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);
  4. იმპორტიორი შპს „ბარდი“, მედიკამენტი – არიპრადა;
  5.      იმპორტიორი შპს „რიჩ გრუპი“,  მედიკამენტი – ზინასენი N60;
  6. იმპორტიორი შპს „კროკუს ფარმა“, მედიკამენტი – ლორნიკუსი ამპულა N1;
  7. იმპორტიორი შპს „გეა“,  მედიკამენტები – ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი ტაბ. 480მგ., ბისეპტოლი ტაბ. 120მგ.;
  8. იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი – ტრეპარინი.

მოკვლევის ფარგლებში სააგენტო შეაფასებს მოპასუხე კომპანიების დომინანტურ მდგომარეობას და მაღალ ფასნამატს, როგორც არასამართლიანად მაღალ ფასს.

კონკურენციის სააგენტო დამატებით აცხადებს, რომ 2023 წელს 8 მოკვლევის საქმე დაასრულა, სადაც 3 შემთხვევაში  შეთანხმებული ქმედება დადგინდა.  მათ შორის, ფარმაციის ბაზარზე, 2 შემთხვევაში- ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა, 1 შემთხვევაში- არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. 1 შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტადგამოყენება არ დადასტურდა, ხოლო 1 შემთხვევაში მოკვლევა მომჩივნის განაცხადის საფუძველზე შეწყდა. ამ დროისთვის 2  მოკვლევა მიმდინარე რეჟიმშია — დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერიკონკურენციის შესაძლო ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი