ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი და მისი “კონკურენტები”საპრეზიდენტო არჩევნებზე

6 თებერვალი, 2024 • 1145
ალიევი და მისი “კონკურენტები”საპრეზიდენტო არჩევნებზე

რატომ არავის აღელვებს და აინტერესებს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები? 

7 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. თუმცა, როგორც იტყვიან, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ მოვლენას მნიშვნელობას აქ არავინ ანიჭებს.  საზოგადოება [არც მისი პოლიტიკურად აქტიური ნაწილი და არც “რიგითი მოქალაქეები”] მცირე ინტერესსაც არ ავლენს მოახლოებული არჩევნების მიმართ. მიზეზი კი ერთია – საპრეზიდენტო არჩევნებზე არ არსებობს ილჰამ ალიევის თუნდაც ფორმალური, სიმბოლური კონკურენტი. 

2025 წლის აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში დაახლოებით ერთი წლით ადრე, 2024 წლის თებერვალში დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის 7 დეკემბერს გამოსცა. იმაში, რომ ილჰამ ალიევი მეხუთედ დაიკავებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს,  ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა: არც მმართველ პარტიას, არც ტრადიციულ ოპოზიციას, არც სამოქალაქო საზოგადოებას და არც მოქალაქეებს. ერთადერთი ინტრიგა კი მხოლოდ ის იყი, რატომ დააჩქარეს მოვლენები. რა დგას რიგგარეშე არჩევნების გადაწყვეტილების მიღმა?

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ადგილობრივ სატელევიზიო მედიასთან საუბარში სამი მიზეზის შესახებ საუბრობს, თუ რატომ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის აპრილის ნაცვლად 2024 წლის თებერვალს.

ალიევის თქმით, უპირველესი მიზეზი “აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენა, 30- წლიანი ოკუპაციის დასასრულის დაგვირგვინება და ახალი ეპოქის დაწყებაა”, რომელიც ალიევის განმარტებით, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებით უნდა დაგვირგვინდეს.

გარდა ამისა, მეორე მიზეზად მუნიციპალურ არჩევნებს ასახელებს, რომელიც 2025 წლის აპრილამდე უნდა გამართულიყო და წინ უსწრებდა საპრეზიდენტო არჩევნებს. შესაბამისად, როგორც ალიევი ამბობს, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ოკუპაციის დასრულების შემდეგ არჩევნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართულიყო და სწორედ საპრეზიდენტოა [და არა მუნიციპალური] ის არჩევნები, რომელიც მთელ ქვეყანაში გაიმართება.

მესამე და ნაკლებმნიშვნელოვან მიზეზად კი ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო პოსტზე მისი 20- წლიანი მმართველობის ეპოქის აღნიშვნას ასახელებს.

ვინ არიან ალიევის “კონკურენტები”

ილჰამ ალიევის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობენ: დეპუტატი ზაჰიდ ორუჯი, პარტია “დიდი კრების” წარმომადგენელი ფაზილ მუსტაფა, პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ჰუდრათ ჰასანგულიევი, ეროვნული ფრონტის თავმჯდომარე რაზი ნურულაევი, პარტია “დიდებული აზერბაიჯანის” თავმჯდომარე ელშად მუსაევი და დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე ფუად ალიევი. 

ექვსივე კანდიდატი ნაკლებად ცნობილი და ხელისუფლებისადმი, კონკრეტულად კი ილჰამ ალიევისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსია.  ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ არ მოუგროვებიათ ხმების 7-8% -ზე მეტი [ილჰამ ალიევზე დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები]. მათი სახელები და სახეები არაფრის მთქმელია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. 

წინა წლების წინასაარჩევნო პერიოდებისგან განსხვავებით, ამჟამად ბაქოს ქუჩებში კანდიდატების ფოტოების პლაკატებიც იშვიათობაა. პრაქტიკულად ილჰამ ალიევის პორტრეტებიც არ გვხვდება. არ მიმდინარეობს რაიმე სახით “საველე” აგიტაციაც. 

წინასაარჩევნო პლაკატები ბაქოში; ფოტო: ბეტგაზეთი

წინასაარჩევნო პლაკატები ბაქოში; ფოტო: ბეტგაზეთი

თებერვლის პირველ რიცხვებში ერთ-ერთმა კანდიდატმა, რაზი ნურულაევმა ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა ქალაქ შამაჰში, ადგილობრივ კულტურის სახლში. თუმცა,  გამოკითხვის შესაბამისად, რომელიც დამოუკიდებელმა მედიამ ჩაატარა შენობის შესასვლელში, მოსულ ამომრჩეველთა უმრავლესობამ არ იცოდა, რა ღონისძიება იმართებოდა. სტუმართა დიდი ნაწილი იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში [სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ.] მომუშვე ქალი, რომელთაც თქვეს, რომ იქ მისვლა ხელმძღვანელობამ დაავალა. გამოკითხულთა ნაწილმა კი თქვა, რომ 7 თებერვლის არჩევნებზე ხმას ილჰამ ალიევს მისცემს. 

რაც შეეხება ტელედებატებს, არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის, ანარ მამედლის შეფასებით, ისინი მშრალია და მათში არ არსებობს პოლიტიკური ბრძოლის ელემენტები, უფრო ხშირად კი, მოქმედი პრეზიდენტის “კონკურენტები” მის სასარგებლოდ ატარებენ აგიტაციას. 

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქალაქეებს მოახლოებული არჩევნების შესახებ რამდენჯერმე შეახსენა მოკლე ტექსტური შეტყობინებით, რამაც სოციალურ ქსელებში ხუმრობაც გამოიწვია – ცესკოს ხშირი შეტყობინებები შეადარეს სატელეფონო ხულიგნობას ან დაჟინებულ თაყვანისმცემელს. ერთმანეთს კი ურჩევდნენ, უბრალოდ, დაებლოკათ ცესკოს ნომერი.

თუმცა ბევრი ფიქრობდა, რომ სიცილის ნაცვლად, ჯობდა, იმაზე დაფიქრებულიყვნენ მოქალაქეები, რამდენ ფულს ხარჯავს ცესკო “სპამზე”. 

ოპოზიციის ბოიკოტი

აზერბაიჯანულმა ოპოზიციამ ერთხმად გადაწყვიტა საპრეზდენტო არჩევნების ბოიკოტი. 

აზერბაიჯანის ყველაზე ძველი ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ალი ქერიმლიმ განაცხადა, რომ შეუძლებელია ანტიდემოკრატიულ პირობებში ნორმალური არჩევნების ჩატარება, შესაბამისად, 7 თებერვალს გაიმართება არა არჩევნები, არამედ “სპექტაკლი არჩევნების თემაზე”, სადაც მათი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას და იმედოვნებს, რომ ხალხიც თავს შეიკავებს ხმის მიცემისგან. თავად ალი ქერიმლის არასოდეს მიუღია მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად, მხოლოდ 2003 და 2023 წლებში მხარი დაუჭირა სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს. 

კიდევ ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია “მუსავათი” არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ასევე დემოკრატიული გარემოს არარსებობით ხსნის:

“ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული გარემო, არის რეპრესიები, დამოუკიდებელ დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიებამდე არ უშვებენ…”

ამასთან, ვადამდელი არჩევნების სამი თვით ადრე გამოცხადებით, ოპოზიციას მომზადების დროც არ მიეცა. 

არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის შუალედური ანგარიშის შესაბამისად, თითქმის წელიწადნახევრით ადრე არჩევნების თარიღის გადმოტანამ [დაგეგმილი იყო 2025 წლის აპრილში] გაართულა როგორც პოტენციური პრეტენდენტების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების მონაწილეობა.

ამასთან, ცენტრის ხელმძღვანელის ანარ მამედლის თქმით, “საარჩევნო კომისიები კვლავინდებურად მმართველი პოლიტიკური ძალის კონტროლქვეშ იმყოფებიან”, თუმცა, ეუთოს დაჟინებული რეკომენდაციით, საარჩევნო კომისიების ფორმირების პრინციპი აქამდე უნდა შეცვლილიყო. 

იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ნაკლებმნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნია მისი პროგნოზირებადი შედეგის გამო, ქვეყანაში მაინც რჩება რამდენიმე ათეული აქტივისტი, პოლიტიკოსი და მედია, რომელიც ალიევის რეჟიმის კრიტიკას ამ მიმართულებითაც აგრძელებს. შესაბამისად, 2024 წლის თებერვალში დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო.

რატომ ჩქარობს ალიევი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით

მასალების გადაბეჭდვის წესი