ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ჩქარობს ალიევი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით

15 დეკემბერი, 2023 • 1930
რატომ ჩქარობს ალიევი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით

ავტორი: ნიკა მუსავი


2025 წლის აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში დაახლოებით ერთი წლით ადრე, 2024 წლის თებერვალში დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის 7 დეკემბერს გამოსცა. იმაში, რომ ილჰამ ალიევი მეხუთედ დაიკავებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს,  ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა: არც მმართველ პარტიას, არც ტრადიციულ ოპოზიციას, არც სამოქალაქო საზოგადოებას და არც მოქალაქეებს. ერთადერთი ინტრიგა კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რატომ დააჩქარეს მოვლენები და რა დგას რიგგარეშე არჩევნების გადაწყვეტილების მიღმა? 

მესამე რიგგარეშე არჩევნები უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში

ილჰამ ალიევი, რომელმაც პოსტზე მამა, ჰეიდარ ალიევი შეცვლა, აზერბაიჯანს ზუსტად 20 წელი, 2003 წლის შემდეგ უდგას სათავეში.

2026 წელს აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომლის შესაბამისად საპრეზიდენტო მმართველობის ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდა. 

ილჰამ ალიევის მმართველობის 20 წლის განმავლობაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ჩატარებულა – 2018 წელს. გარდა ამისა, 2020 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თუმცა ორივე შემთხვევაში რამდენიმე თვით ადრე დაინიშნა და არა ერთ წელიწადზე მეტი შუალედით, როგორც ამ შემთხვევაში. 

არჩევნების დაჩქარების რაიმე ოფიციალური მიზეზი თუ არგუმენტი ხელისუფლებას არ დაუსახელებია, თუმცა გადაწყვეტილება გამოაცხადეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაკავების, ბაქოსა და ვაშინგტონის ურთიერთობების გამწვავებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს ო’ბრაიანთან ალიევის შეხვედრის ფონზე. 

“აზერბაიჯანელი ხალხი ამბობდა, ის, ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, აზერბაიჯანის სამუდამო პრეზიდენტი გახდება. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, იმ პოლიტიკით, რომელსაც 20 წლის განმავლობაში აწარმოებს, და ჩვენი მიწების სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებით, დაიმსახურა ამ ტიტულის ტარების უფლება. ვფიქრობ, თითოეული აზერბაიჯანელი იზიარებს ამ აზრს”, – ამბობს თახირ ბუდაგოვი, მმართველი პარტია “ენი აზერბაიჯანის” თავმჯდომარის მოადგილე და ცენტრალური აპარატის უფროსი.

“კიდევ ერთი ფალსიფიკაცია, თუმცა არსებობს დადებითი მხარეც”. 

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია “აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის” თავმჯდომარემ ალი ქერიმლიმ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას უწოდა “კიდევ ერთი ფალსიფიკაციისთვის რეჟიმის მზადება”. 

“ახლა გასაგებია, თუ რატომ ხდებოდა უკანასკნელ თვეებში უკანონო დაკავებები და ის, თუ რატომ იძაბებოდა ხელოვნურად აზერბაიჯანის ურთიერთობები აშშ-თან, ევროკავშირთან, ეუთოსთან. ამ ნაბიჯებით ალიევმა ნიადაგი მოამზადა მის მიერ დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნების უფრო მარტივად გაყალბებით”, – ამბობს ქერიმლი. 

ნოემბრის ბოლოს აზერბაიჯანში ანტიამერიკული კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი სამიზნე აშშ-ის განვითარების სააგენტო  (USAID) გახდა – მას “ჯაშუშური ქსელის” შექმნასა და საზოგადოებაში “კანონიერი ხელისუფლების მიმართ” პროტესტის ფორმირების მცდელობაში ადანაშაულებენ.

რეპრესიების ახალი ტალღა გაუქმებით ემუქრება აზერბაიჯანში ონლან გამოცემა AbzasMedia-ს, რომელიც აზერბაიჯანში ანტიკორუფციულ საქმეებს იძიებს. გამოცემის ოთხი თანამშრომელი – დირექტორი ულვი ჰასანლი, დირექტორის მოადგილე მაჰომედ კეკალოვი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი და კორესპონდენტი ნარგიზ აბსალამოვა “ჯგუფურად დაგეგმილი კონტრაბანდის” ბრალდებით არიან დაკავებული.

მისი აზრით, ალიევს სიჩქარეს აიძულებს ასევე მისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მდგომარეობის რყევა.

“შესაძლოა, უახლოეს მომავალში პუტინმა [2024 წლის მარტში, ასევე დანიშნულია საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში] სამხედრო დამარცხება განიცადოს. ამიტომ ილჰამ ალიევი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, სანამ პუტინი ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია”, – ამბობს ქერიმლი. 

თუმცა, მისივე თქმით, შექმნილ მდგომარეობაში მაინც არის დადებითი გარემოება- ხალხი რიგგარეშე არჩევნებს, როგორც მოვლენას შეეჩვევა.

“ასე რომ, როდესაც ჩვენი ხალხი მოითხოვს და როდესაც ის იქნება ამისთვის მზად, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიც ნებისმიერ დროს, რიგგარეშე შეიძლება ჩატარდეს”, – ოპტიმისტურ დასკვნას აკეთებს ქერიმლი. თავად კი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. 

პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი კი ამბობს, რომ თავად ილჰამ ალიევისა და მისი უახლოესი გარემოცვის გარდა, არავინ იცის რიგგარეშე დანიშნული არჩევნების რეალური მიზეზი.

ამასთან, ის ვარაუდობს, რომ საქმე არა ერთ, არამედ იმ მიზეზთა ერთობლიობაშია, რომლებიც ურთიერთკავშირშია. 

“ალიევი მიილტვის იმისკენ, რომ კიდევ უფრო გაიმყაროს საკუთარი ძალაუფლება და ეს სურვილი სავსებით გასაგებია. მისთვის მნიშვნელოვანია ამის გაკეთება სწორედ ახლა, როდესაც აშშ-მა და ევროკავშირმა გაზარდეს ზეწოლა აზერბაიჯანზე 2023 წლის 19 სექტემბერს ყარაბაღში დაწყებული ოპერაციისა და ყარაბაღელი სომხების გადინების გამო. რიგგარეშე არჩევნები და მისი ხელახლა არჩევა რაღაც დოზით ხელ-ფეხს გაუხსნის მას და მისი ხელისუფლების ლეგიტიმაციას დაადასტურებს”. 

შაჰინ რზაევი იხსენებს, რომ დაახლოებით მსგავს პრაქტიკას მიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც, რომელმაც 2021 წლის ივნისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. შედეგად კი მიიღო კარტ-ბლანში, რომელსაც დღემდე იყენებს. 

“ზოგადად, უახლოეს რამდენიმე წელში ალიევს ბევრი გეგმა აქვს: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა, შესაძლო საკონსტიტუციო რეფორმები… მისთვის უმჯობესია, ჯერ თავიდან იყოს არჩეული და უკვე შემდეგ შეუდგეს ამ გეგმების განხორციელებას”,- ამბობს პოლიტიკის მიმომხილველი.

“გამარჯვების კრედიტი იწურება”

პოლიტოლოგი არასტუნ ორუჯლუ, რომელიც წარსულში თავად მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, ალიევის სიჩქარეს უკავშირებს  საზოგადოების იმედგაცრუებას ყარაბაღში გამარჯვების შემდეგ. 

“გამარჯვების შემდეგ საზოგადოების მოლოდინი არამხოლოდ არ გამართლდა, სრულიად საწინააღმდეგო რამ მოხდა. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, უკანონობა და უსამართლობა გამძაფრებულია და ა.შ. გამარჯვების კრედიტი, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, ნელ-ნელა იწურება.

ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას ორი გზა აქვს: ან რეფორმებზე წავიდეს, რაც ბევრ დროს, სტრატეგიებსა და რეფორმატორთა ჯგუფს მოითხოვს, ან საკუთარი პოზიციები უკვე არსებული რესურსებით გაიმყაროს. ერთ-ერთი ასეთი საშუალება კი მისი ლეგიტიმაციის ვადის გახანგრძლივებაა. თან ამის გაკეთება მაშინაა საჭირო, სანამ კრიზისი კულმინაციას მიაღწევს”, – ამბობს ორუჯლუ. 

პოლიტიკური მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი აზერ ჰასიმლი ასევე ფიქრობს, რომ “ყარაბაღის ბანქოს” წარმატებით გათამაშებითაც კი ხელისუფლება  შიდაპოლიტიკური კრიზისის წინაშე ხელცარიელი დარჩა და ამ გამარჯვებას დიდხანს ვეღარ გამოიყენებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი