ახალი ამბები

„2022 წელს 4 000 ადამიანი წავიდა შსს-დან, 3 200 ადამიანი მივიღეთ“ — გომელაური

5 თებერვალი, 2024 • 706
„2022 წელს 4 000 ადამიანი წავიდა შსს-დან, 3 200 ადამიანი მივიღეთ“ — გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური არ იზიარებს მოსაზრებას სისტემიდან პოლიციელების მნიშვნელოვანი გადინების შესახებ, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა ნეგატიურ ბალანსზე მიუთითებს.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჰკითხა, თუ რატომ ტოვებენ პოლიციელები სისტემას და ქვეყანას, მათ შორის მექსიკის გავლით გადადიან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თურმე, სისტემას, გარბის, ზოგი მექსიკით გარბის, ზოგი -კატარღებით, წყალქვეშა გემებით… არ ვიცი, რას იგონებენ ეს ადამიანები“, — თქვა საპასუხოდ გომელაურმა.

მისი თქმით, შს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულია 40 000 ადამიანი.

„ძალიან ბევრი პოლიციელი გვყავს და სტატისტიკას მოგიყვანთ. მაგალითად, 2023 წელს 2 965 თანამშრომელი იყო დათხოვნილი და 2 909 ახალი მივიღეთ. 2022 წელს 4 000 ადამიანი წავიდა, 3 200 ადამიანი მივიღეთ. ცოცხალი ორგანიზმია. ვერ დავეთანხმები, რომ ყველა გარბის და ტოვებს. ზოგი სხვაგან გადადის, ზოგი სახლში მიდის. მე მგონი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, — განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი პოლიციელი კერძო ბიზნესში გადავიდა, სადაც უფრო მაღალი ანაზღაურებაა.

ცნობისთვის, 2022 წელს, — სისტემიდან თანამშრომლების გადინების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, – პოლიციაში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი მომზადებისა და სწავლის ვადები მნიშვნელოვნად შემცირდა.

რატომ შემცირდა პოლიციის აკადემიაში სწავლის დრო

მასალების გადაბეჭდვის წესი