საზოგადოება

რატომ შემცირდა პოლიციის აკადემიაში სწავლის დრო

28 ნოემბერი, 2022 • 6091
რატომ შემცირდა პოლიციის აკადემიაში სწავლის დრო

პოლიციაში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი მომზადების, პოლიციის აკადემიაში სწავლის ვადები 2022 წელს, – სისტემიდან თანამშრომლების გადინების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, – მნიშვნელოვნად შემცირდა. „ნეტგაზეთმა“ სცადა გაერკვია, თუ რა არის ამის მიზეზი.

როგორ ხდებიან პოლიციელები

სამართალდამცავ უწყებაში მუშაობის დასაწყებად საჭიროა, მოქალაქეებმა შესარჩევი პროცედურის ფარგლებში რამდენიმე საფეხური გაიარონ:

  • წარადგინონ განცხადება,
  • გაიარონ ტესტირება,
  • გასაუბრება,
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება,
  • ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება,
  • სპეციალური შემოწმება.

ამ შესარჩევი ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გამოსაცდელი ვადით ინიშნება არაუმეტეს 1 წლით.

გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე კანდიდატი ირიცხება პოლიციის აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, დებს პოლიციელის ფიცს და ენიჭება პოლიციის რიგითის სპეციალური წოდება.

[როგორც „ნეტგაზეთს“ შსს-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, ცხელ ხაზზე უთხრეს, პატრულ-ინსპექტორის პოსტზე (ყველაზე დაბალი საფეხური საპატრულო პოლიციაში) არათუ მხოლოდ სრული განათლების დამადასტურებელი ატესტატია დამაკმაყოფილებელი, არამედ არასრული ზოგადი განათლების (9 კლასის) ატესტატიც].

პოლიციის აკადემიაში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში (მას შუალედური და ფინალური გამოცდების ჩაბარება უწევს), მსმენელი იღებს შესაბამის სერტიფიკატს და იწყებს მუშაობას (პროფესიული სწავლების პერიოდში პირი იღებს დადგენილი ხელფასის ნახევარს, ხოლო სწავლის შემდეგ – სრულ ხელფასს).

შეიძლება ითქვას, რომ პოლიციის აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ მსურველები უკვე იწყებენ პოლიციელებად მუშაობას.

აკადემიაში სწავლის პერიოდი 2022 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა.

შემცირებული ვადები

პოლიციელთა საბაზისო მომზადების პროგრამა, – რომელიც განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვისაც პატრულ-ინსპექტორობა, უბნის ინსპექტორობა ან მართლწესრიგის ოფიცრობა სურს, – გრძელდება მხოლოდ თვე-ნახევარი.

2022 წლამდე ეს დრო დაახლოებით ოთხთვე-ნახევარი იყო.

(სახმელეთო მესაზღვრეს სწავლებისთვის ახლა განსაზღვრული აქვს 2 თვე და 3 კვირა, გამომძიებელს კი – მხოლოდ 2 თვე, თუმცა ამ პოზიციაზე უმაღლესი იურიდიული განათლებაა საჭირო. 2022 წლამდე ეს პროგრამებიც უფრო ხანგრძლივი იყო).

შესაძლო მიზეზი – „დეფიციტის შევსება“

ნათია მეზვრიშვილი, რომელიც 2017-2019 წლებში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას, მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა [ამჟამად იგი პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელია], „ნეტგაზეთთან“ საუბარში პოლიციის აკადემიაში ვადების შემცირების შემდეგ შესაძლო მიზეზს ასახელებს:

„ბოლო პერიოდში სისტემა იმდენად ბევრმა ადამიანმა დატოვა, რომ სამინისტროს ამ დანაკლისის რაც შეიძლება სწრაფად შევსება სურს, რადგან სისტემისთვის ბევრი ადამიანის გადინება პრობლემაა“.

პოლიციელების სისტემიდან გადინებაზე დიდი ხანია, მედიაში საუბრობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე არ უსაუბრია, თუმცა უწყება საჯაროდ აწარმოებს რეკრუტინგის პროცესს.

მაგალითად, 2022 წლის 17 აგვისტოს საპატრულო პოლიციის თბილისისა და რეგიონების დეპარტამენტებმა 145 ვაკანსია გამოაცხადეს, რაც შსს-ს ფეისბუკ-გვერდმაც გამოაქვეყნა. პერმანენტულად იდება ვაკანსიები hr.police.ge-ზეც.

ცოტა ხნის წინ „ნეტგაზეთმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ ყოფილ პოლიციელთან, რომელიც ე.წ. კოლუმბიის გზით გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რისთვისაც დასჭირდა უკიდურესად სტრესული 3 თვე და 14 ქვეყნის  გადალახვა. ამ და კიდევ სხვა წყაროებისგანაც ნეტგაზეთისთვის ცნობილია, რომ აშშ-ში არაერთი პოლიციელი გაემგზავრა საქართველოდან ბოლო პერიოდში.

[ვრცლად ამ ამბავზე: ჯუნგლები, გვამები, ნარკოკარტელი – როგორ ჩავედი ამერიკაში]

სხვა გარემოებები

  • აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის იანვრიდან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, პოლიციელების, – ასევე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და ჯარისკაცების, – ხელფასები დამატებით 20%-ით გაიზრდება.
    • ეს იმის ფონზე, რომ 2022 წლის იანვრიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეების ხელფასები 10-10%-ით ისედაც გაიზარდა.
    • [სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2022 წელს შსს-ში 30 500 ადამიანი მუშაობს, მათზე წლის განმავლობაში კი ჯამურად 583 026 ლარია გამოყოფილი (შრომის ანაზღაურება). რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტს, გათვალისწინებულია რაოდენობის შენარჩუნება (30 500 მომუშავე) და ანაზღაურების 730 000 ლარამდე გაზრდა. სხვაობა დაახლოებით 147 000 ლარია].
  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის აპრილში ასევე განაცხადა, რომ თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე, „პოლიციის ქალაქი“ აშენდება – 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი.

ჯარისკაცებთან და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, პოლიციელთა ხელფასის ზრდა, მეორე მხრივ კი მათთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მშენებლობა, ამ პროფესიების ადამიანების სამუშაოზე მიზიდვის/კადრების შენარჩუნების მიზნით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი შეიძლება იყოს.

საკმარისია თუ არა მომზადებისთვის 1.5 თვე?

ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, „არც ერთი და არც ორი თვე, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის“ იმ უნარებისა თუ ცოდნის მისაღებად, რაც პოლიციის თანამშრომლებს ამა თუ იმ პოზიციაზე სჭირდებათ, თუმცა პრაქტიკაში რესურსების სიმცირის საკითხი იჩენს ხოლმე თავს.

მაგალითად, მეზვრიშვილის თანახმად, აქ შემოდის, ერთი მხრივ, ტრენერების, მეორე მხრივ კი, უშუალოდ სივრცითი რესურსის საკითხები: „პოლიციის აკადემია, მართალია, აკმაყოფილებს ძალიან მნიშვნელოვან სტანდარტებს, – და ყოველთვის ასე იყო, – თუმცა იქ სივრცე ერთდროულად მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ადამიანების გადამზადებისათვის არის საკმარისი“, – ამბობს იგი.

„აქცენტი დამატებით პროგრამებზე“

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად დაადასტურა, რომ პოლიციის აკადემიაში სწავლის ვადები 2022 წელს შეამცირეს, თუმცა დასძინა, რომ პოლიციის მომზადება ამით არ სრულდება:

„წელს შემცირდა ეს ვადები. მოხდა საბაზისო კურსის ანალიზი. ჩვენ სწავლება გავყავით ორ ეტაპად: ერთი არის საბაზო მომზადება და შემდგომში პოლიციელების მუდმივი გადამზადება. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ შემდგომი ეტაპის გაძლიერებაზე“, – გვითხრა მან.

მინისტრის მოადგილის თანახმად, „პირველ ეტაპზე მოხდება საბაზისო კუთხით გადამზადება, რისთვისაც სავსებით საკმარისია თვე-ნახევრიანი პროგრამა“.

„ამის შემდგომ ხდება დამატებითი, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება თითოეული პოლიციელისთვის, რომ მიიღოს უფრო სიღრმისეული ცოდნა და მომზადება იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მუშაობს, იქნება ეს მართლწესრიგის ოფიცერი, ოჯახში დანაშაულზე რეაგირება, არასრულწლოვნებთან მიმართებით, დისკრიმინაციასთან მიმართებით და ა.შ.“.

„ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ვადების ცვლილება პოლიციელთა სისტემიდან გადინებას (და მიგრაციას), ალექსანდრე დარახველიძემ უარყოფითად უპასუხა და განაცხადა, რომ ცვლილების „მთავარი მიზანი იყო მდგრადი განვითარება, პროგრამების შენარჩუნება და გაძლიერება“.

მისი თქმით, სამინისტროს გაწერილი აქვს სრული პროცესი, რაც „პირველ რიგში იწყება საბაზისო მომზადებით… ჩვენ გვაქვს თითოეული პოლიციელისთვის სრულად გაწერილი, რა კურსები უნდა გაიაროს საბაზისო კურსის გავლის შემდეგ და ეტაპობრივად ხდება სამუშაოდან მათი მივლენა აკადემიაში, კონკრეტული მიზნობრივი გადამზადება, რათა მისი შესაძლებლობები უფრო გაძლიერდეს“.

„ხარისხი აღარ არის პრიორიტეტი“

მოქმედ პოლიციელთა გადამზადების პროგრამები აკადემიაში სწავლების ვადების შემცირებამდეც არსებობდა. სიახლე ის არის, რომ შემცირდა უშუალოდ საბაზისო კურსის ვადა.

მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში რეფორმის პრიორიტეტი ხარისხის კომპონენტი იყო, რის გამოც შეიცვალა სწავლების ნაწილში პოლიციელთა გადამზადების მოდულები.

მისი თქმით, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში სამინისტრომ დაიწყო პოლიციელების ფუნქციების გამიჯვნა, თუმცა ეს პროცესი შეეხო მხოლოდ თბილისს, – „მთელი საქართველოს მასშტაბით ეს გამიჯვნა არ მომხდარა, რაც ნიშნავს, რომ დანარჩენ ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, ყველა ყველაფერს აკეთებს“, – გვითხრა მან.

მეზვრიშვილის თანახმადვე, თბილისის ფარგლებს გარეთ პოლიციელების ფუნქციები დღესაც „აღრეულია ერთმანეთში“:

„გამომძიებელი, რომელიც საქმეებს უნდა იძიებდეს, იმავდროულად, ქუჩაში დგას და აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციას ასრულებს; ასევე, პირიქით, ოპერატიული მუშაკი, რომელსაც ოპერატიული მიმართულებით მუშაობა ევალება, იმავდროულად, საქმეს იძიებს, რაც არ არის კარგი პრაქტიკა“, – ამბობს იგი.

„მთავარი საკითხი არის ის, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმა არის გაჩერებული და პრიორიტეტი აღარ არის ხარისხი, შესაბამისად, რამდენ ხანს ასწავლი, 3 თვე თუ 1 თვე, ნაკლებად მნიშვნელოვანია“, – გვეუბნება ნათია მეზვრიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი