ახალი ამბები

გომელაურმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პრობლემები მექსიკასთან აშშ-ის სასაზღვრო სირთულეებს შეადარა

5 თებერვალი, 2024 • 532
გომელაურმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პრობლემები მექსიკასთან აშშ-ის სასაზღვრო სირთულეებს შეადარა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული პრობლემები მართვის თვალსაზრისით აშშ-მექსიკის საზღვარს შეადარა.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია გააკონტროლოს.

ამის შესახებ მან დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა განიხილება.

ერთ-ერთი კითხვა გომელაურს სწორედ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ დაუსვეს, მათ შორის, სოფელ კირბალში, სადაც რამდენიმე თვის წინ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

„რა თქმა უნდა, საზარელი ფაქტი იყო, რაც კირბალში მოხდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მეათე წელია, რაც თანამდებობას ვიკავებ და არაერთი შემთხვევა იყო. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ რთულია ჩვენი მხრიდან რამე რეაგირება გვქონდეს გამოძიების კუთხით, როდესაც ჩვენ ვერ გადავდივართ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს გაძლიერებაა ამა თუ იმ სექტორის და ადგილის, სამმხრივად ხდება ამის შეთანხმება. ჩვენ არ გვაქვს თვითნებურად საგუშაგოს გახსნის ან გაუქმების ან გადატანის [უფლება]. თუნდაც 10 მეტრით რომ გადავაადგილოთ საგუშაგო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან უნდა შეთანხმდეს, ასევე, მესამე მხარესთან.

აქედან გამომდინარე რთულია. თუმცა ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, რომ მოძრავი პატრული დავნერგოთ და უფრო სიღრმეში ვიმუშაოთ, რომ არ იყოს იგივე შენიშვნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ არამარტო ამ მიმართულებით“, – განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიის სრულად გაკონტროლება რთულია. მისი თქმით, საზღვრის 100%-იანი კონტროლი ისეთ ქვეყნებსაც კი უჭირთ, როგორიც აშშ-ია.

„მთლიანად გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან 391 კილომეტრია და ალბათ, წარმოგვიდგენია, ყველას ამის გაკონტროლება ფიზიკურად, თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, მთელი პოლიცია რომ იქ ჩავიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ 100%-იან კონტროლს. დიდი ქვეყნები, თუნდაც როგორიც აშშ-ია, ვერ აკონტროლებს საზღვარს 100%-ით. ყველამ კარგად ვიცით მექსიკის საზღვარზე პრობლემები.

თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, ასევე იმ სოფელში, სადაც ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, იქ დამატებული იყო ისედაც მოძრავი პატრული, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების გადასვლა ხდება საოკუპაციო ხაზს იქით და ხშირად აკავებენ და ხშირი შემთხვევაა, რომ მკვლელობით მთავრდება. აქედან გამომდინარე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოხდეს გაკონტროლება, სადაც უფრო მოწყვლადი სოფლებია და მოსახლეობა ახლოსაა, თუმცა ეს ძალიან ბევრია. ჩვენ ახლა რაღაც ნაბიჯს გადავდგამთ და ეს დამთავრდება, ამას ვერც მე გეტყვით და ვერც ერთი მინისტრი, ვინც ჩემ შემდეგ იქნება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი