ახალი ამბები

ახალი მავთულხლართები ტეხასში მიგრანტების შესაკავებლად — ტეხასი ბაიდენის მთავრობის წინააღმდეგ

30 იანვარი, 2024 • 1183
ახალი მავთულხლართები ტეხასში მიგრანტების შესაკავებლად — ტეხასი ბაიდენის მთავრობის წინააღმდეგ

უკვე ორ კვირაზე მეტია, დაპირისპირებაა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ ფედერალურ მთავრობასა და ტეხასის შტატის ხელისუფლებას შორის, რომელსაც ამერიკული მედია „კონსტიტუციურ კრიზისს“  უწოდებს.

საქმე ეხება აშშ-მექსიკის საზღვრის იმ მონაკვეთის დაცვას, რომელსაც არალეგალი მიგრანტები მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახვედრად იყენებენ. ამ მარშრუტით აშშ-ში არაერთი ქართველი გადასულა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

ტეხასის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ფედერალურ მთავრობას საზღვრის დაცვის საკითხში, ფაქტობრივად, დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და ტეხასის ეროვნული გვარდია გაგზავნა საზღვრის დასაცავად — პარალელურად, საზღვრის კონტროლის საშუალება შეუზღუდა სასაზღვრო პოლიციასა და საიმიგრაციო სამსახურს, რომელიც ფედერალურ მთავრობას ემორჩილება.

გარდა ამისა, ტეხასის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, მექსიკასთან საზღვრის რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთზე დამატებითი ბარიკადები აღმართეს, ძირითადად, მჭრელი მავთულხლართები.

ტეხასის შტატსა და ფედერალურ შტატს შორის დაპირისპირებას არსებული პოლიტიკური კონტექსტიც აძლიერებს — აშშ-ში წელს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, ერთ-ერთი მთავარი საკამათო პოლიტიკური საკითხი კი სამხრეთის საზღვრებიდან მიგრანტების შემოსვლისგან დაცვაა.

მექსიკიდან ამერიკაში

ტეხასი, – როგორც ტერიტორიის, ასევე მოსახლეობისა და ეკონომიკის მხრივ, აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი შტატი, – ქვეყნის სამხრეთის რეგიონში მდებარეობს და მექსიკას ესაზღვრება [მექსიკის მოსაზღვრეა კალიფორნია, ნიუ-მექსიკო და არიზონაც]. მექსიკა-ამერიკის საზღვარი აშშ-ში არალეგალურად, სახმელეთო გზით მოხვედრის, ფაქტობრივად, ერთადერთი და ყველაზე მარტივი გზაა, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები.

აშშ-ის საზღვარზე მათ ხვდებიან საიმიგრაციო სამსახურის [ICE] წარმომადგენლები – ეს ფედერალური დონის უწყებაა, რომელიც ემორჩილება პრეზიდენტსა და ფედერალური ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს და არა კონკრეტული შტატის ხელისუფლებას. ICE-ის საიმიგრაციო ოფიცრები მიგრანტებს დროებით აკავებენ, კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შეუძლიათ შესვლა.

მიგრანტები აშშ-ის სამხრეთ საზღვართან / © ABC News

„სამხრეთის საზღვრის დაცვა“

მექსიკის ტერიტორიიდან არალეგალური მიგრანტების შესვლა საკმაო ხანია, აქტიურად დგას აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში. განსაკუთრებით აქტიურად კი – 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანია წამოიწყო. მისი ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება იყო საზღვარზე „უზარმაზარი, ლამაზი კედლის“ აშენება და ამგვარად, მიგრანტთა ნაკადის შეჩერება.

„სამხრეთის საზღვრის დაცვა“ დღესაც მნიშვნელოვანი თემაა აშშ-ის პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი, ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წევრებისა და მათი ამომრჩევლებისთვის.  უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის მოწინააღმდეგენი თავიანთ პოზიციას იმითაც ხსნიდნენ, რომ აშშ-ს არ უნდა დაეხარჯა ფული სხვის დახმარებაში მაშინ, როცა სამხრეთის საზღვარი გამაგრებას საჭიროებდა.

რაც შეეხებათ დემოკრატებს, რომლებიც ამჟამად ფედერალური ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს აკონტროლებენ, მათი უმრავლესობის პოზიცია მიგრაციისადმი შედარებით რბილია, თუმცა ისინიც არ ემხრობიან მიგრანტთა უკონტროლო შედინებას, რაშიც მათ ადანაშაულებენ რესპუბლიკელი ოპონენტები. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას ადგილობრივი თუ ფედერალური დონის პოლიტიკოსები ხშირად ადანაშაულებენ, რომ არაფერს აკეთებს მიგრანტთა შესაჩერებლად და „საზღვრის დასაცავად“.

„შემოჭრისგან თავდაცვა?“

სწორედ ამ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ტეხასის რესპუბლიკელი გუბერნატორის, გრეგ ებოტის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო პოლიციასა და საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრებს შეეზღუდათ აშშ-მექსიკის საზღვრის რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთთან მიახლოება. კერძოდ, მიმდინარე წლის 10 იანვრიდან მავთულხლართები და დამატებითი ბარიერები აღმართეს ტეხასის ქალაქ იგლ პასში, შელბის პარკთან, სადაც მდინარე რიო გრანდე მოედინება. სწორედ ეს მდინარე ყოფს მექსიკისა და აშშ-ის საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთს, მიგრანტები კი ტეხასში ძირითადად სწორედ რიო გრანდეს გადაცურვით გადადიან.

ვითარება გაამწვავა 12 იანვრის ტრაგიკულმა ინციდენტმაც: მდინარის გადაცურვის მცდელობისას დედა 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად წყალში დაიხრჩო, ამერიკელ მესაზღვრეებსა და საემიგრაციო ოფიცრებს კი მათი დახმარების საშუალება ფიზიკურად არ მიეცათ ადგილზე შტატის ხელისუფლების მიერ მოწყობილი ბარიერების გამო.

გრეგ ებოტი / © BRANDON BELL/GETTY IMAGES

გრეგ ებოტი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ტეხასში „შეიჭრნენ“ არა შეიარაღებული საგარეო მტერი, არამედ მიგრანტები, რასაც ასევე საფრთხედ მიიჩნევს.

გუბერნატორი ებოტი საზღვარზე მკაცრი კონტროლის დაწესებას შემდეგი არგუმენტაციით ამართლებს:

  • ფედერალური მთავრობა, რომლის კომპეტენციაცაა სასაზღვრო-საგარეო პოლიტიკა, „შემოჭრასთან“ საბრძოლველად არაფერს აკეთებს;
  • კონსტიტუცია შტატებს საშუალებას აძლევს, თავი დაიცვან შემოჭრისგან, თუ ფედერალური მთავრობა უმოქმედოა;
  • კონსტიტუციის ეს მუხლი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ფედერალური კანონები, რომლებიც შტატთა კანონებზე უზენაესია;
  • შესაბამისად, ტეხასი უბრალოდ თავდაცვის უფლებას იყენებს.
რა წერია კონსტიტუციაში შემოჭრისგან თავდაცვაზე – დააკლიკეთ

კონსტიტუციის მეოთხე მუხლში ვკითხულობთ: „შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიცვას ყველა შტატი შემოჭრისგან“.

კონკრეტულად რას ნიშნავს „შემოჭრა“, კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის განმარტებული. თუმცა გამოყენებული ინგლისური სიტყვა Invasion, როგორც წესი, მოიაზრებს სხვა სახელმწიფოს შემოჭრას. მაგალითად, რუსეთში უკრაინის შეჭრა ინგლისურად სწორედ რომ სიტყვა Invasion-ით აღინიშნება.

ტეხასის ხელისუფლების თვითნებური მოქმედებები ფედერალურმა მთავრობამ მალევე სასამართლოში გაასაჩივრა. ქვედა ინსტანციის ფედერალურმა სასამართლომ [ბევრი სხვა სფეროს მსგავსად, სასამართლოებიც ადგილობრივი, საშტატო და ფედერალური დონისაა] ტეხასის მხარე დაიჭირა და ფედერალურ უწყებებს აუკრძალა მავთულხლართის გადაჭრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფედერალურ მთავრობას ამ მავთულხლართებისა და სხვა ბარიკადების აღების უფლება მიეცა. ამის მიუხედავად, შტატის ვიცე-გუბერნატორი ამბობს, რომ მავთულხლართის გაბმა მექსიკის საზღვართან მაინც გაგრძელდება.

 

ტეხასის ეროვნული გვარდიის გაბმული მავთხულხლართი / © Bloomberg

„კონსტიტუციური კრიზისი?“

არაერთი ამერიკული მედიასაშუალება ამ ყველაფერს მიიჩნევს ან უკვე მიმდინარე, ან დამდეგ კონსტიტუციურ კრიზისად. ებოტის ინიციატივას  რესპუბლიკურ პარტიაში საკმაო მხარდაჭერა გამოუცხადეს. 26-დან 25-მა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ტეხასს მხარდაჭერა აღუთქვა, ზოგმა კი იქ თავისი შტატის ეროვნული გვარდიის ნაწილებიც გაგზავნა. ეროვნული გვარდიები, როგორც წესი, სწორედ შტატის გუბერნატორებს ემორჩილებიან.

ბაიდენის ადმინისტრაციასა და ებოტს შორის მტყუან-მართალი, საბოლოო ჯამში, სასამართლომ უნდა დაადგინოს. დიდი ალბათობით, საქმე უზენაეს სასამართლომდე მივა, თუმცა ამას საკმაო დრო დასჭირდება.

მანამდე კი ფედერალური ხელისუფლებისთვის გამოსავლის პოვნის გზები არცთუ ისე ბევრია. ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიძლება განკარგულება მისცეს ფედერალური უწყებების თანამშრომლებს, არ დაემორჩილონ შტატის ძალოვნებს, თუმცა ამას თან ახლავს ესკალაციის და ძალადობის რისკები.

კიდევ ერთი გამოსავალია ტეხასის, საჭიროებისამებრ კი, ნებისმიერი სხვა შტატის ეროვნული გვარდიის ფედერალიზაცია, ანუ პრეზიდენტისადმი დროებით დამორჩილება. ამის პრეცედენტი 1950-იან და 60-იან წლებში იყო, როცა შტატების გუბერნატორები უარს ამბობდნენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომლითაც სკოლებში თეთრი და შავკანიანი მოსწავლეების სეგრეგაცია უკანონოდ გამოცხადდა. თუმცა ამ გადაწყვეტილებასაც თან ახლავს პოლიტიკური რისკები.

ამავე დროს, გრეგ ებოტს არა მხოლოდ გუბერნატორები, არამედ უმაღლესი თანამდებობის პირებიც უჭერენ მხარს – მათ შორისაა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი. ერთ-ერთმა კონგრესმენმა ჩიპ როიმ კი გრეგ ებოტს მოუწოდა, სულაც არ დაემორჩილოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას:

„თუ ვინმე შენთან სახლში შემოპარვას ცდილობს, სასამართლო კი ამბობს – “უი, ბოდიში, ვერ დაიცავ თავს”.. რას ეუბნები სასამართლოს? რომ ჯანდაბამდის გზა ჰქონია, იცავ თავს და ყველაფერს მერე არკვევ“.

ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, სტიფენ ვლადეკი ებოტის არგუმენტაციას არ იზიარებს: „ამ ლოგიკით შტატებს შეუძლიათ, თავიანთი გადმოსახედიდან არსებული „შეჭრა“ გამოიყენონ და გაამართლონ ნებისმიერი, მათთვის არმოსაწონი ფედერალური პოლიტიკის დარღვევა. [..] შტატების მიერ თავდაცვის უფლება არ იძლევა, და არც არასდროს იძლეოდა, ფედერალურ ხელისუფლებაზე მაღლა დადგომის გზას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი