ახალი ამბები

რა უფლებამოსილება ექნება ჩამოქვეითებულ ღარიბაშვილს?

29 იანვარი, 2024 • 1817
რა უფლებამოსილება ექნება ჩამოქვეითებულ ღარიბაშვილს?

ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობიდან, პრემიერ—მინისტობიდან, ორჯერ გადადგომის შემდეგ, ჩამოქვეითებული ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ინიშნება.

აღნიშნულს წინ უძღოდა 2024 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად შემობრუნება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ და ფორმალური თავმჯდომარისთვის მნიშვნელოვანი უფლებამოსილების გამოცლა.

პარტიის ახალი წესდების თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პოლიტიკურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს არა პარტიის თავმჯდომარე, როგორც მანამდე, არამედ საპატიო თავმჯდომარე.

„ქართული ოცნების“ წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარე:

  • არის პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი;
  • პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს პარტიის ყრილობა;
  • პარტიის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში, არის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და წარმართავს მის მუშაობას,
    ხელმძღვანელობს პარტიას;
  • საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარტიის სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების განხორციელებას;
  • არის პარტიის ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ერთპიროვნულად წარმოადგენს პარტიას და პარტიის პოლიტიკურ საბჭოს შიდაპარტიულ და მესამე პირებთან ურთიერთობაში, გამოდის პოლიტიკური განცხადებებით პარტიის სახელით,
    წარმართავს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომებს;
  • გამოსცემს ბრძანებებს;
  • პარტიის პოლიტიკურ საბჭოს მისი შემადგენლობიდან ასარჩევად/გასათავისუფლებლად წარუდგენს პარტიის გენერალური მდივნის, პოლიტიკური მდივნისა და პარტიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურებს;
  • ასრულებს საქართველოს კანონმდებლობისა და პარტიის წესდების შესაბამისად განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად 2023 წლის მიწურულს დაბრუნდა. ერთი თვის წინ მან განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლა არ იგეგმებოდა.

„პოლიტსაბჭომ შემომთავაზა, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის პოსტი. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, განვიხილეთ, თანამდებობაზე ზაფხულამდე დავრჩენილიყავი, მაგრამ ვარჩიეთ, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერობისას გაწეული „უდიდესი მხარდაჭერისთვის“ მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, მინისტრებს და თითოეულ თანამშრომელს, ადმინისტრაციის თანამშრომელს და ოჯახს.

„იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს, მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, — დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი წევრია. ისევე, როგორც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის არაერთი წევრი, ის მთავრობაში “ქართუ ჯგუფის” გავლით მოხვდა. „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრად დაინიშნა. 2013 წლის 20 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, ივანიშვილმა მის შემცვლელად სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი დატოვა.

დანიშვნიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, 2015 წლის დეკემბერში, ღარიბაშვილმა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. 2019 წელს პოლიტიკაში დაბრუნდა — ჯერ მმართველი პარტიის პოლიტიკურ მდივნისა და პოლიტსაბჭოს წევრად, იმავე წლის სექტემბერში კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია შეცვალა. გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

 

ჰაკიმ ფაშა, სუს-ის საიდუმლო წერილი, FBI და ჟვანიას საქმის პირველი სასამართლოს სხვა დეტალები

ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი – ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ დავისას

მასალების გადაბეჭდვის წესი