ახალი ამბები

შარლ მიშელი პოსტზე რჩება, EU ორბანის პრეზიდენტობას იცილებს

27 იანვარი, 2024 • 1455
შარლ მიშელი პოსტზე რჩება, EU ორბანის პრეზიდენტობას იცილებს

შარლ მიშელმა გადაიფიქრა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც პოსტის ვადამდე ადრე დატოვება მოუწევდა.

“მე არ მივიღებ მონაწილეობას ევროპის არჩევნებში. ბოლომდე ურყევი მონდომებით შევასრულებ ჩემს პასუხისმგებლობებს, რომლებსაც ამჟამად მაკისრია. მე ყოველთვის ვიქნები მტკიცე მხარდამჭერი დემოკრატიული, ძლიერი, ერთიანი ევროპისა“, – დაწერა მან “ფეისბუქზე”.

შარლ მიშელი აპირებდა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. შესაბამისად, მას დაგეგმილზე (30 ნოემბერი) რამდენიმე თვით ადრე მოუწევდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტის დატოვება. ევროპული საბჭოს ახალ პრეზიდენტს, როგორც წესი, ევროპარლამენტის ახალი არჩევნებისა და კომისიის დაკომპლექტების შემდეგ ირჩევენ. შარლ მიშელის გადადგომის შემთხვევაში, ევროკავშირის ლიდერებს დაჩქარებულად მოუწევდათ მის შემცვლელზე შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოვალეობას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი, ე.ი. ვიქტორ ორბანი შეითავსებდა. ივლისიდან დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა, როტაციის წესით, სწორედ უნგრეთს ერგება.

შარლ მიშელის თავდაპირველმა გადაწყვეტილებამ მონაწილეობა მიეღო ევროპის საპარლამენტო არჩევნებში, რაც ნიშნავდა თანამდებობის ვადამდე დატოვებას, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ბრიუსელში. მიშელს ადანაშაულებდნენ, რომ პერსონალურ პოლიტიკურ მომავალს მეტი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე ევროპული საბჭოს ამჟამინდელ როლს. ასევე დღის წესრიგში დადგა ვიქტორ ორბანის დროებითი პრეზიდენტობის აცილების საკითხი იმ დროს, როდესაც უნგრეთი ბლოკავს უკრაინის დახმარებას და არჩევნების შემდეგ გადასანაწილებელია მნიშვნელოვანი თანამდებობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი