ახალი ამბები

„თავისუფლება კაკოს და გიოს“ — დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით თსუ-სკენ მსვლელობა დაიწყო

26 იანვარი, 2024 • 1299
„თავისუფლება კაკოს და გიოს“ — დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით თსუ-სკენ მსვლელობა დაიწყო

მოძრაობა „ხმის“ წევრების, გიორგი ხასაიას და კაკო (აკაკი) ჩიქობავას გათავისუფლების მოთხვნით მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობის მონაწილეები ასევე ითხოვენ გამოსახლებების აკრძალვას.

ხასაია და ჩიქობავა 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

უწყებამ ხასაიას და ჩიქობავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის  ქვეპუნქტით წაუყენა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიება მათ ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის შუშების ჩამტვრევას. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ 25 იანვარს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა, რასაც პროკურორი როინ ხინთიბიძე ითხოვდა. დაცვის მხარეს კი მათი გათავისუფლება 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სურდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს 3 380 ლარის ზიანი მიადგა ბრალდებულების მხრიდან მანქანის დაზიანების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი