ახალი ამბები

მთავრობამ ჩხარტიშვილის კომპანიას პრივატიზების პირობების შესრულება გადაუვადა – ქონების სააგენტო

16 იანვარი, 2024 • 974
მთავრობამ ჩხარტიშვილის კომპანიას პრივატიზების პირობების შესრულება გადაუვადა – ქონების სააგენტო

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიას საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა.

კერძოდ, როგორც სააგენტო აცხადებს, ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიას პრივატიზების პირობების შესრულების ვადა 2024 წლის 1 დეკემბრამდე გადაუვადდა.

„აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიზნით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ცვლილება შეიტანა მოქმედ განკარგულებაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამავე დროს შესრულებულია საპრივატიზებო პირობების ნაწილი: მათ შორის, ინვესტიციის ოდენობა, რომელიც 20 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, აუდიტის დასკვნების საფუძველზე, 50 მლნ ლარამდეა განხორციელებული.

გამომდინარე აქედან, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ისეთი მასშტაბური პროექტის დასრულების ვადების ერთი წლით გადაწევის შესახებ, როგორიცაა სიღნაღში 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელიც არა მხოლოდ დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ გახდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტში“, – ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.


16 იანვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში.

თუმცა, როგორც TI აცხადებდა, მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა.

საუბარია 2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც, „სომგოს კომპანიისათვის“ 2014 წელს გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში ცვლილება შევიდა.

„2014 წელს სახელმწიფომ „სომგოს კომპანიას“ სიღნაღში 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, სასტუმროს აშენების, ვენახის გაშენებისა და ადგილობრივების დასაქმების პირობით. საინვესტიციო ვალდებულება თავდაპირველ დათქმულ 3 წლის ვადაში არ შესრულდა, რის შემდეგაც ვადა 2-ჯერ გახანგრძლივდა, 2016 და 2018 წლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი