ახალი ამბები

დაპირისპირება ტრადიციულ ანატოლიასა და თანამედროვე ისტამბულს შორის

19 სექტემბერი, 2010 • 1595
დაპირისპირება ტრადიციულ ანატოლიასა და თანამედროვე ისტამბულს შორის

ძალაუფლებისათვის ბრძოლა თურქეთში ისლამისტებსა და სეკულარისტ ქემალისტებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, 12 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმიც ამ დაპირისპირების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომელიც ისლამისტების გამარჯვებით დასრულდა -კონსტიტუციაში ცვლილებებს, რომელიც მმართველი პარტიის მიერ იყო წარმოდგენილი, მხარი მოსახლეობის 58 %-მა დაუჭირა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თვით რეფერენდუმი დიდი თურქული პოლიტიკური “თამაშის” მხოლოდ ერთი ნაწილია. მას წინ საინტერესო მოვლენები უძღოდა და მომავალშიც არანაკლებ დაძაბულ ვითარებას უნდა ველოდეთ.

მართალია, სეკულარისტებსა და ისლამისტებს შორის დაპირისპირება თურქეთში დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ამ კონფრონტაციამ ბოლო დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რაც გარკვეული მიზეზებით არის განპირობებული. თურქეთი ბოლო ათწლეულში რეგიონულ ჰეგემონად ყალიბდება. გაწელილმა ევროინტეგრაციის  პროცესმა თურქეთის ინტერესების სხვა მხრივ წარმართა. მან პრიორიტეტები გადააჯგუფა და საკმაოდ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე გააკეთა აქცენტი, რომელიც არა ევროზონაში მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, არამედ რეგიონში წამყვან ქვეყნად ყოფნას ისახავს მიზნად.

საბჭოთა კავშირის დაშლამ, ჰუსეინის რეჟიმის დამხობამ ერაყში, რუსეთთან და ირანთან ურთიერთობის გამოსწორებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თურქეთის გეოპლიტიკური მდგომარეობა _ თურქეთი რეგიონში უძლიერესი მოთამაშე გახდა, ამას ხელს უწყობდა სწრაფი ეკონომიკური აღმასვლაც. ერთადერთი წინააღმდეგობა, რაც მას ხელს უშლის არის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ორ დიდ ძალას შორის, რომლებიც ქვეყნის განვითარების ორ არა რადიკალურად, თუმცა საკმაოდ განსხვავებულ მიმართულებას ისახავენ.

თურქეთის უახლესი ისტორიიდან კარგად ჩანს, რომ ქემალისტები, ანუ ათათურქის მიმდევრები ქვეყანაში უალტერნატივო ძალაა. მაშინაც კი, როცა პირდაპირ არ ეპყროთ ხელში ქვეყნის მართვის სადავეები, სამხედრო და სასამართლო სისტემაში არსებული სრული უმრავლესობის წყალობით ახერხებდნენ მთავრობის გაკონტროლებას. ქემალისტები თავს ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ ძალად მოიაზრებდნენ და თუკი ჩათვლიდნენ, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ათათურქის მიერ არჩეულ გზას გადაუხვია, არც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე იხევდნენ უკან, როგორც ეს მოხდა 1960, 1971, 1980 და 1997 წლებში.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ XXI საუკუნეს თურქეთი განსხვავებულ ვითარებაში შეხვდა, 2002 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ახალი ძალა, რომელიც წინ აღუდგა ქემალისტების ავტორიტარიზმს. ამ ძალას ექსპერტები `ანატოლიის დაჯგუფებას~ უწოდებენ, რადგანაც მათი წამყვანი ფიგურების დიდი ნაწილი სწორედ რომ ცენტრალური ანატოლიიდან არის და პოლიტიკური ბრძოლის დროს ანატოლიის რეგიონი ამ ჯგუფის მთავარ დასაყრდენად ითვლება. ამ ჯგუფმა, რომელსაც ამჟამინდელი პრემიერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ხელმძღვანელობს, 2001 წელს მოახერხა საკმაოდ სოლიდური პარტიის ფორმირება, რომელიც უკვე 2002 წელს ხელისუფლებაშიც მოვიდა.

პრემიერი ერდოღანი და მისი დასაყრდენი სამართლიანობის და განვითარების პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქემალისტებთან მიმართებაში საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკას აწარმოებდნენ, მაგრამ ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ აშკარა იერიშზე გადავიდნენ. მაგალითად, 2007 წელს მათ წამოაყენეს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პირველი პროექტი, რომელიც ცნობილი თურქი პოლიტიკური მეცნიერების მიერ იყო შემუშავებული და იმდენად ლიბერალული იყო, რომ დასავლური საზოგადოების გაოცებაც კი გამოიწვია. მაშინ ამ ნაბიჯს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ქემალიტებისგან და პროექტის ინიციატორი ძალა იძულებული გახდა უკან დაეხია. ეს არ იყო დამარცხება, პირიქით, ამ ფაქტმა საშინაო და საგარეო ასპარეზზე პარტია წარმოაჩინა, როგორც დემოკრატიული და პროგრესული ძალა, რომელიც უპირისპირდებოდა ავტორიტარულ ქემალისტებს, ამან მომავალი პოლიტიკური ბრძოლისთვის ისლამისტებს მნიშვნელოვანი დივიდენდები მისცა.

ძალაუფლების განმტკიცებაში მმართველ გუნდს ასევე დაეხმარა გადატრიალების მცდელობის აღკვეთა 2007 წელს, მაგრამ ეს ფაქტი მხოლოდ 2010 წელს გამოიყენა თავის სასარგებლოდ ერდოღანის მთავრობამ, როდესაც რეფერენდუმიდან რამდენიმე თვით ადრე ქემალისტებს საშინელი დარტყმა მიაყენა, შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით მოწინააღმდეგე ბანაკის 300-მდე წევრი დააკავა, მათ შორის  არმიის 27გენერალი.

თვით რეფერენდუმის დღეც სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა, სწორედ 1980 წლის 12 სექტემბერს მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება ქემალისტებმა, რასაც საშინელი რეპრესიები მოჰყვა თან. ეს უსიამოვნო ეპიზოდი თურქ ხალხში, რა თქმა უნდა, უარყოფით ემოციას იწვევს, რაც კარგად გამოიყენეს ისლამისტებმა _ რეფერენდუმის წინა პერიოდში ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ დღევანდელი კონსტიტუცია სწორედ რომ იმ სისხლიანი რეჟიმის მიერ არის შექმნილი და ძალადობის გადმონაშთია. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ერდოღანმა ყველა იმ ძალის გაერთიანება შეძლო, რომელიც იდეოლოგიურ თუ რელიგიურ კონფლიქტში არიან სეკულარისტი ქემალისტებთან. ერთის მხრივ გულენის მოძრაობაში გაერთიანებული რეაქციონერი რელიგიური ფუნდამენტალისტები, რომლებიც ქემალისტებს ქვეყნაში რელიგიის როლის დაკნინებაში ადანაშაულებენ, მეორეს მხრივ კი ლიბერალი მემარცხენეები, რომლებიც ქემალისტებს ავტორიტარულ მილიტარისტულ იდეოლოგიას ლიბერალურ დემოკრატიასთან შეუთავსებლად მიიჩნევენ.

გარდა ამისა, დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა ქურთების უსაზღვრო ზიზღი მილიტარისტი ქემალისტების მიმართ. მართალია, ქურთების წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა რეფერენდუმს, ხოლო ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხული ქურთების მუშათა პარტია ფიზიკურად გასწორებითაც ემუქრებოდა რეფერენდუმის მონაწილე თანამემამულეებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მომავალი კეთილდღეობის იმედით, ქურთების დიდმა ნაწილმა რეფერენდუმში ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რაც ერდოღანის მთავრობის დიდი გამარჯვებაა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული ცვლილებები ქურთებისთვის რაიმე ახალს და სასიკეთოს არ ითვალისწინებს. ცვლილებები, ძირითადად, მიზნად ისახავს ქემალისტების ძალაუფლების შემცირებას და, პირველ რიგში, მათ გამოდევნას სასამართლო სისტემიდან. ძველი კონსტიტუციით ეს სექტორი არის თვითრეგულირებადი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აბსოლუტური ქემალისტებით დაკომპლექტებული მოსამართლეთა და პროკურორთა შვიდწევრიანი საბჭო ნიშნავს ქვეყანაში ყველა მოსამართლეს და პროკურორს. აქედან გამომდინარე, კადრებს პოლიტიკური ორიენტაციის შესაბამისად არჩევენ, მთავრობასა და პარლამენტს კი უფლება არ აქვთ ზემოთხსენებული საბჭოს საქმიანობაში ჩარევისა, ეს ყველაფერი კი განაპირობებს ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში ქემალისტების დომინირებას. ცვლილებების თანახმად ეს ძალაუფლება პარლამენტის ხელში უნდა გადავიდეს. საპარლამენტო უმრავლესობას შეეძლება გააკონრტოლოს ქვეყნის სამართლებრივი სექტორი. ასევე ახალი ცვლილებები ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლების შეზღუდვას მოახდინოს მთავრობის დაშლის ლეგალიზება. რაც შეეხება სამხედრო სექტორს, სამხედრო სასამართლოებზე წინ სამოქალაქო სასამართლო დგება და მას შეეძლება თვით სამხედრო პირის გასამართლება სამხედრო სასამართლოს გვერდის ავლითაც კი.

მართალია, რეფერენდუმი ერდოღანის მომხრეების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ბრძოლა მაინც წინ არის. ახალი კონსტიტუციას რატიფიცირება მომავალმა პარლამენტმა უნდა მოახდინოს, მომავალი საპარლამენტო არჩევნები კი 2011 წელს ტარდება და მხოლოდ იქ გამარჯვებით მოახერხებს სამართლიანობის და დემოკრატიის პარტია ბოლო წლებში მიღწეული უპირატესობის რატიფიცირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი