ახალი ამბები

გახარიას პარტია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების ინიციატივით გამოდის

8 იანვარი, 2024 • 1131
გახარიას პარტია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების ინიციატივით გამოდის

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების ინიციატივით გამოდის.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს უზრუნველყოფს მომავალი პრეზიდენტის მაღალ ლეგიტიმაციას და დამოუკიდებლობას, რაც მათი თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არსებული მაღალი პოლარიზაციის და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით.

„30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში მორიგი გამოჩენისას, აღიარა ბალანსის პრობლემა ხელისუფლებაში და ამ პრობლემის კონსტიტუციური მოწესრიგების ნაცვლად საკუთარი თავი შემოგვთავაზა საკუთარი მთავრობის დამბალანსებლის როლში. დემოკრატიულ სისტემებში მსგავსი რამ, უბრალოდ, არ არსებობს, მიუღებელია და, რაც მთავარია, შეუძლებელი,ა ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტს, მით უფრო, საკუთარი თავის დამბალანსებლის გარანტს.

სახელმწიფო მართვისას დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტების (და არა ცალკეული ადამიანების) არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელისუფლებო შტოებს შორის წონასწორობის შენარჩუნებისა და ბალანსის უზრუნველყოფისთვის. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ამაში ყველა დაგვარწმუნა.
ამიტომ, ჩვენი გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“, წარვადგენთ ინიციატივას, შეიცვალოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით აირჩიონ საქართველოს მოქალაქეებმა“, – აცხადებენ პარტიაში.

ამასთან, გახარიას პარტიის განცხადებით, ბოლო სამი წლის პრაქტიკამ აჩვენა, რომ პირდაპირ არჩეულმა პრეზიდენტმა (მიუხედავად იმისა, ვინ იყვნენ მისი მხარდამჭერები წარსულში თუ დღეს), გაცილებით მეტად შეძლო დამბალანსებლის ფუნქციის შესრულება.

„აღარაფერს ვამბობთ საერთაშორისო მაგალითებზე, როდესაც სისტემის საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოებს შეუცვლიათ მოქმედი პრაქტიკა და დაუბრუნებიათ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ჩეხეთში 2012 წელს“, – აცხადებენ პარტიაში.

პრეზიდენტის არჩევის წესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2017 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას შეცვალა. შესაბამისად, გახარიას პარტიის ინიციატივას, რომ პრეზიდენტი ისევ პირდაპირი წესით აირჩეს, საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. ამჟამად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ანუ 113 ხმის მოგროვება ცალკე არც უმრავლესობას შეუძლია და არც ოპოზიციას.

შესაბამისად, გახარიას პარტია „ოცნების“ ხელისუფლებას სთავაზობს, რომ საგაზაფხულო სესიიდანვე დაიწყონ ამ ცვლილებაზე მუშაობა და მხარდაჭერას სთხოვენ ასევე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს.

მათივე განცხადებით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის დაბრუნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევამდე სრულად მოსწრებადია.


2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.  ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის განმავლობაში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შევა 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს, ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიები ასახელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი