ახალი ამბები

EU-ს დროშის დაწვის გამო მარტინენკო დააჯარიმეს, მახარაძეზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო

23 დეკემბერი, 2023 • 2729
EU-ს დროშის დაწვის გამო მარტინენკო დააჯარიმეს, მახარაძეზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო

თბილისის მერიის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის გამო პრორუსული ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ზურაბ მახარაძის მიმართ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ თბილისი მერიის წინ ევროკავშირის დროშა 22 დეკემბერს დაწვეს, შემდეგ კი, როგორც თავად ამბობენ, პოლიციაში თვითონვე დარეკეს. რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ზურაბ მახარაძისა და ირაკლი მარტინენკოს განყოფილებაში გადაყვანის კადრები თავად „ალტ-ინფომ“ გაავრცელა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე დაჯარიმებულია 1 პირი [ირაკლი მარტინენკო] ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

ხოლო მეორე პირის [ზურაბ მახარაძის] მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება 174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იმავე ქმედების განმეორებით ჩადენას და ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარით ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას .

როგორც შსს-ში აცხადებენ, ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრორუსული ძალადობრივი ჯგუფები ადმინისტრაციული შენობების წინ აღმართულ ევროკავშირის დროშას ხსნიან და წვავენ. მათ არაერთხელ ჩამოხსნეს და დაწვეს პარლამენტთან აღმართულ ევროკავშირის დროშაც.

2022 წლის იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის სასჯელს ითვალისწინებს.

კერძოდ, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

თუ ამ ქმედების ჩამდენია ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი, მაშინ ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით

მასალების გადაბეჭდვის წესი