ახალი ამბები

აშშ-მა ისრაელისთვის გადასაცემი იარაღის პარტია შეაჩერა — WSJ

14 დეკემბერი, 2023 • 764
აშშ-მა ისრაელისთვის გადასაცემი იარაღის პარტია შეაჩერა — WSJ

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ისრაელს აღარ გაუგზავნის 27 000 ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ისრაელის პოლიციისთვის იყო განკუთვნილი. საუბარია ძირითადად M-14 და M-16 ტიპის ცეცხლსასროლ იარაღზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, აშშ-ის ხელისუფლებამ იარაღის პარტია დაბლოკა, რადგან ისრაელის ხელისუფლებამ საკმარისად ვერ დაარწმუნა ისინი, რომ იარაღი არ მოხვდება  ექსტრემისტი ისრაელელი ახალმოსახლეების ხელში.

ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, დასავლეთ სანაპიროზე, სადაც ძირითადად პალესტინელები ცხოვრობენ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელელი ახალმოსახლეების მხრიდან პალესტინელების იარაღით დაშინების, მათი დაჭრისა და მკვლელობის შემთხვევები.

WSJ იშველიებს გაეროსა და ისრაელში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაცია B’Tselem-ის მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, ისრაელელ ახალმოსახლეთა მხრიდან დაშინებისა და ძალადობის შედეგად 1000-ზე მეტი პალესტინელი იძულებული გახდა, დასავლეთ სანაპიროზე თავისი საცხოვრებელი დაეტოვებინა.

გარდა ამისა, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება იარაღს შეიძენს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებისთვის, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე მოქმედებენ.

როგორც WSJ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ამერიკული იარაღის დაყოვნების მიზეზი   სწორედ ეს გარემოებაა — რათა იარაღი არ მოხვდეს ნაკლებად ორგანიზებული, უკონტროლო ჯგუფების ხელში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა იმ ისრაელელ ახალმოსახლეებს, რომლებმაც 7 ოქტომბრის შემდეგ შექმნილი ვითარება სათავისოდ გამოიყენეს და დასავლეთ სანაპიროზე ძალადობრივი მეთოდებით შეავიწროვეს ადგილობრივი პალესტინელები.

WSJ-ის ცნობით, არც ისრაელისა და არც აშშ-ის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი იარაღის პარტიის შეჩერებაზე.


რა ხდება

ისრაელმა „ჰამასს“ ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები.

გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

„ჰამასის“ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს თითქმის 15 ათასი ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 6 ათასი ბავშვია. საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

ისრაელმა და „ჰამასმა“ ნოემბრის ბოლოს ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავის შესახებ განაცხადეს, რა დროსაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გატაცებული 84 ისრაელელი და სხვა ქვეყნების 24 მოქალაქე გაათავისუფლა. სანაცვლოდ ისრაელმა „ღაზაში“ ჰუმანიტარული ტვირთი შეუშვა, ხოლო ციხიდან 240 პალესტინელი გაათავისუფლა. შეთანხმებამ მხოლოდ 7 დღეს გასტანა, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებები სრულად განახლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი