ახალი ამბები

მერია უარყოფს, რომ კურიერი მხოლოდ კალაძის გინებისთვის დაჯარიმდა

22 ივნისი, 2023 • 1160
მერია უარყოფს, რომ კურიერი მხოლოდ კალაძის გინებისთვის დაჯარიმდა

თბილისის მერიის განცხადებით, ტყუილია და საზოგადოების დეზინფორმირებას ემსახურება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ამბავი, რომლის შესახებაც მედიამ გუშინ აცნობა საზოგადოებას, გასული წლის 6 დეკემბერს მოხდა. აღნიშნული პიროვნების მიმართ განხორციელდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე, 173-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობას. ჯარიმა სასამართლოს მიერ განისაზღვრა შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ხაზგასმა, თითქოს ახალგაზრდა დაჯარიმდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, არის სრული ტყუილი, კონკრეტული მედიის მიერ აგორებული მორიგი პროვოკაცია და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მერია მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას, რომელიც მათგან ელოდება არა ყალბ და დამახინჯებულ ინფორმაციას, არამედ რეალურ ფაქტებს.

„აქვე შევახსენებთ ყველას, ცილისწამება დანაშაულია, რომელიც ისჯება კანონის შესაბამისად“, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.

რეალურად, ცილისწამება (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება) 2004 წლიდან არ განეკუთვნება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს. ცილისწამება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება. საჯარო პირის ცილისწამებისათვის პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და გაცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

ვიდეო ამ სათაურით იყო – „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“.

ვიდეოს ავტორი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.

პროტესტი ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ“, – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ კვარტალურ მიმოხილვაში.

ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.

კიდევ ერთ შემთხვევაში, მოქალაქე და აგვისტოს ომის მონაწილე ხვიჩა შაქარიშვილი პოლიციელებმა ფეისბუქპოსტის გამო დააკავეს, იგი მოსამართლემ 2500 ათასი ლარით დააჯარიმა.

საია-ში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ახალი ტენდენცია, როცა ონლაინ-სივრცეში გამოთქმული მოსაზრებისთვის აკავებენ ადამიანებს და აჯარიმებენ.

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ მოამზადა ანგარიში საქართველოში SLAPP საქმეების შესახებ. SLAPP-ად განიხილება პოლიტიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით გავლენიანი პირების მიერ ცილისწამების მოტივით აღძრული სარჩელები, რომელთა მიზანიც არის არა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ აქტიური მოქალაქეების გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნა. GDI-ის დაკვირვებით, 2021-2023 წლებში საქართველოში დაიწყო და მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიტიკული მედიისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ ე.წ. SLAPP სარჩელებით სასამართლოსთვის მიმართვის ტენდენცია.

ერთ-ერთი საქმე, რომელიც GDI-ის ანგარიშში მოხვდა, სწორედ თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელს ეხება. „ტვ პირველი” და მისი ჟურნალისტი, რომელსაც თბილისის მერი უჩიოდა ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო, სასამართლომ 15 000 ლარით დააჯარიმა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/484170/

რომელ ტენდერს უკავშირდება განცხადება, რომლის გამოც კალაძემ ჟურნალისტს უჩივლა

მასალების გადაბეჭდვის წესი