საზოგადოება

„ეთიკის პოლიცია“ — როგორ აფასებენ სოც. ქსელებში გინების გამო მოქალაქეთა დაჯარიმებას

27 ივნისი, 2023 • 1388
„ეთიკის პოლიცია“ — როგორ აფასებენ სოც. ქსელებში გინების გამო მოქალაქეთა დაჯარიმებას

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გინების გამო სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა. არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთ დროს მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს იყენებენ, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებასა და მოქალაქეების შეურაცხყოფას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. კანონში განმარტებული არ არის, რას გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და, ბუნებრივია, არც ისაა მითითებული, შესაძლოა თუ არა მუხლი სოციალურ ქსელებზე გავრცელდეს, შესაბამისად, ამის შეფასება სასამართლოში ხდება. 

ბოლო ამგვარი შემთხვევა დღეს, 27 ივნისს მოხდა, როცა სასამართლომ სწორედ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის  7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამა ფეისბუკ ლაივში გახმიანებული ფრაზების გამო  800 ლარით დააჯარიმა. მანამდე კი კურიერი Tik-Tok-ზე კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ კრიტიკული ვიდეოს გამო მიიჩნიეს სამართალდამრღვევად და დააჯარიმეს.

სოციალურ ქსელებში მოქალაქეების გინების გამო დაჯარიმებას უფლებადამცველები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სახიფათო ტენდენციად აფასებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პრაქტიკა გამართლებული არც ერთ შემთხვევაში არაა, ის ძირითადად გამოიყენება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ.

მსგავსი ადმინისტრაციული სამართალწარმოებების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხულიგნობის მუხლის ამგვარი განმარტება არ ეხება თავად ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგალითისთვის, ამ მუხლს არ იყენებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის წინააღმდეგ, რომელიც სოციალურ ქსელებში ოპონენტების მიმართ ბილწსიტყვაობით გამოირჩევა.

სამაგიეროდ აჯარიმებენ 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამას ფეისბუკ „ლაივში“ გაკეთებული განცხადებების გამო, ასევე ჯარიმა დაეკისრა კურიერს, რომელიც ხელისუფლებას აგინებდა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანების გამოთქმული აზრის გამო მათი ხულიგნებად გამოცხადება შემაშფოთებელი ტენდენციაა. მისი თქმით, ამ გზით სახელმწიფო შეეცდება, უფრო მეტად შეზღუდოს სიტყვა ყველა სივრცეში.

იურისტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის ნაწილში სახელმწიფოს მიზანი არა საზოგადოებაში ეთიკური გარემოს შენარჩუნება, არამედ საჯარო სივრცეში კონფლიქტური სიტუაციების არიდებაა:

„საჯარო ფიზიკურ სივრცეში ასეთი ფორმით გამოთქმულმა აზრმა შესაძლოა, წარმოშვას სხვა ადამიანებისგან აგრესია ან კონფრონტაციის საფრთხეები გააჩინოს, რაც შემდგომ გადაიზრდება ფიზიკურ საფრთხეებში და ეს საფრთხე არის მყისიერი და იმწუთიერი იმიტომ, რომ იქ შეიძლება სახელმწიფო მყისიერად ვერ ჩაერიოს მსგავსი საფუძვლით წარმოშობილ კონფლიქტებში.

ამიტომ პრევენციულად არსებობს ეს მუხლი და მის არსებობას შეიძლება ჰქონდეს გამართლება. მაგრამ როდესაც საუბარია სოციალურ ქსელებზე, სოციალურ ქსელებში გამოთქმული აზრი არ ქმნის იმწუთიერ საფრთხეს ადამიანებს შორის კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნისა და ფიზიკური უსაფრთხოების მიმართულებით“ ,— აცხადებს მარიკაშვილი.

შესაბამისად, GDI-ის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული არგუმენტები სოციალურ ქსელებში აღარ მუშაობს და როდესაც ხულიგნობის მუხლით ადამიანს სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო აჯარიმებს, სახელმწიფო თავის თავზე არა ადამიანების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას, არამედ ეთიკის პოლიციის ფუნქციას იღებს.

როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბრისას „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი საბა ბრაჭველი აღნიშნავს, ამგვარი პრაქტიკები ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მსგავს ფორმებს მიმართავენ რუსეთშიც.

ბრაჭველი, რომელიც ცარიელი ფურცლის ჭერის გამო რამდენიმე კვირის წინ თავადაც დააკავეს, აღნიშნავს, რომ ასე სწორედ რუსეთში ხდება, სადაც ომის საწინააღმდეგო განცხადებების გამო ადამიანებს არა მხოლოდ საჯარო სივრცეში გამოსვლის, არამედ ფეისბუკ პოსტების გამოც აჯარიმებენ.

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ანა არგანაშვილი კი აცხადებს, რომ აღნიშნული ვერ აკმაყოფილებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სტანდარტს. ამასთან, იურისტი მიიჩნევს, რომ გარდა იმისა, რომ თავად პრაქტიკა უაღრესად შემაშფოთებელია, არანაკლებ საგანგაშოა, რომ ხელისუფლება მას შერჩევითად იყენებს:

„გამოხატვის თავისუფლება რომ შეიზღუდოს, სხვა სამართლებრივი სტანდარტი უნდა იყოს დაკმაყოფილებული. არავის მიმართ არ შეიძლება ამის გამოყენება, არც ოპოზიციის და არც მთავრობის, მაგრამ დავუშვათ და ჰიპოთეზურად რომ შეიძლებოდეს, მისი შერჩევითი გამოყენება კიდევ მეორე ბოროტებაა.

ზოგს აქვს თურმე გინების უფლება, პრეზიდენტს აგინეს, მაგალითად, წინა კვირას ხელისუფლების მხარდამჭერებმა და წევრებმაც კი. ზოგადად, რას ნიშნავს შეურაცხყოფა და გინება, ეს არ არის მარტივი ჩამოსაყალიბებელი. ვიღაცისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება იყოს გინება და ვიღაცისთვის ის ფრაზები, რაც პრეზიდენტს მიუძღვნეს წინა კვირას“, — ამბობს არგანაშვილი.

მისი თქმით, ამგვარი ქმედება მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დათესვას, რათა მომავალში მოქალაქეებმა თავი შეიკავონ კრიტიკისგან.

„ყოვლად მიუღებელია გამოხატვის თავისუფლებისთვის ასეთი საფრთხის შექმნა, რადგან ეს იწვევს მომავალში ძალიან მძიმე შედეგებს. ხალხის შეშინებას, კრიტიკისგან თავის შეკავებას, რაც ნიშნავს, რომ ვეღარ გავაკონტროლებთ ჩვენს მთავრობას, რისი ვალდებულებაც გვაქვს, როგორც მოქალაქეებს.

ეს ძალიან მკაცრად დაიგმობა ყველა ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ,წესით და რიგით, როდესაც გასაჩივრდება სტრასბურგში, იქაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. წინასწარ, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, მაგრამ მჯერა, რომ გამოხატვის თავისუფლებას ძალიან სერიოზულად ურტყამს ეს ტენდენცია. ეს დაახლოებით იმის გაგრძელებაა, როცა ადამიანს ცარიელი ფურცლის გამო იჭერ. ორივე გამოხატვის თავისუფლებაა“ ,— აღნიშნავს იურისტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი