ახალი ამბები

პაპუაშვილის აზრით, EU უნგრეთის „ჯინაზე“ საქართველოსაც არ დააზარალებს

10 დეკემბერი, 2023 • 742
პაპუაშვილის აზრით, EU უნგრეთის „ჯინაზე“ საქართველოსაც არ დააზარალებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას „წინ აღარაფერი უდგას“.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო შარშანაც იმსახურებდა სტატუსს, ვინაიდან იყო ლიდერი, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა. წელს კი, პაპუაშვილის აზრით, სტატუსის მისაღებად ყველა წინაპირობა არსებობს და ხელისშემშლელი ფაქტორი არც უნგრეთის გადაწყვეტილება იქნება.

„რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ გადაწყვეტილებას ხელი შეეშალოს, მე არ მგონია. ისინი ვინც ამაზე საუბრობენ, ვფიქრობ, რომ მათ ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ევროკავშირზე. ევროკავშირში გადაწყვეტილებები წევრი ქვეყნების მხრიდან არ მიიღება ერთმანეთის ჯინაზე და იმ შემთხვევაში, თუკი შიდა დისკურსია არსებობს და ეს არ არის ახალი შიდა დისკურსია, რომელიც ახლა მიდის, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ერთი სახელმწიფო შეიძლება იქცეოდეს უსამართლოდ (არ ვიცი, თუ ეს შიდა დისკურსის ნაწილია), ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა უნდა მოიქცეს უსამართლოდ საქართველოს მიმართ. მოლოდინი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება სამართლიანი და არა ვინმეს ჯინაზე“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27 ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამისათვის კი 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

თუმცა ამ დროისთვის უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ღიად ეწინააღმდეგება უნგრეთი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, „უკრაინა ახლა ევროკავშირისგან ძალიან შორსაა“.

ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ უკრაინის საკითხის ჩაგდება უარყოფითად იმოქმედებს მოლდოვისა და საქართველოს პერსპექტივაზეც, რადგან პროცესი სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაჩქარდა, შესაბამისად, გაწევრიანების გზაზე წინსვლისკენ ახალი გადაწყვეტილება არც ერთი ქვეყნის მიმართ არ იქნება მიღებული.

ამ თემაზე:

რა მოხდება, თუ უნგრეთი EU-ში უკრაინის საკითხს დაბლოკავს

მასალების გადაბეჭდვის წესი