საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გვენეტაძე თავად ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ პოსტზე ნოემბრიდან მუშაობს.
“უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ. შევხვდებით ტაშკენტში”, – წერს გვენეტაძე.
გვენეტაძე 7 წლის განმავლობაში, 2023 წლამდე, მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტად. მანამდე, 2002-2015 წლებში, სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF), ვაშინგტონში მუშაობდა უფროს ეკონომისტად. იგი ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში მუშაობდა.