საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდება.
სამომხმარებლო სესხი ფიზიკურ პირებზე გაიცემა ხელფასის, გზავნილების ან უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლების დადასტურების საფუძველზე.
სამომხმარებლო სესხის ასაღებად საჭირო არ არის სესხის ქონებით უზრუნველყოფა (ქონების იპოთეკით დატვირთვა). ასეთი სესხების საპროცენტო განაკვეთი, ჩვეულებრივ, გაცილებით მაღალია, ვიდრე იპოთეკურ სესხებზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ამ ნაბიჯის მიზანია სამომხმარებლო დაკრედიტების შენელება და „მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირება“.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია (გვენეტაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მოლოდინით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის ბოლოს დაუბრუნდება).
გვენეტაძემ ასევე გაიხსენა, რომ 2019 წლიდან ამოქმედებულია ფიზიკური პირების „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო”, რამაც „შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური რისკები და, ამავე დროს, ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას“.
გვენეტაძის თქმით, ეს ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ამ ეტაპზე, ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში.