ახალი ამბები

უცხოურ ვალუტაში სესხის აღება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეიზღუდება

3 აგვისტო, 2022 • 2426
უცხოურ ვალუტაში სესხის აღება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეიზღუდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი ფიქრობს, უცხოურ ვალუტაში სესხების 200 000-ლარიანი ლიმიტის გაზარდოს.

ამჟამად მოქმედი რეგულაციებით, იპოთეკური სესხის უცხოურ ვალუტაში აღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი იღებს 200 000 ლარის ეკვივალენტზე მეტ თანხას.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეს შეზღუდვა საქართველოში კრედიტების „დოლარიზაციის“ შემცირებას უწყობს ხელს და ბოლო წლებში „ხელშესახები შედეგი“ გამოიღო ჭარბვალიანობის შესამცირებლად.

„ვფიქრობთ, მოხდება მისი [200 000-ლარიანი ზღვარის] გაზრდა. ეს ნამდვილად წაადგება სიტუაციას“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, მაშინ, „როდესაც ხდება გამკაცრება ლარში გაცემული სესხებისა, უფრო მიმზიდველი ხდება დოლარში გაცემული სესხები“.

„ჩვენ ვუყურებთ ამ სიტუაციას. იქიდან გამომდინარე, რა სიტუაცია გვექნება, ერთი, რომ შევინარჩუნებთ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, კიდევ მივიღოთ ზომები“, – განაცხადა მან.

2022 წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა 200 000-ლარიანი ლიმიტის წესში გარკვეული გამონაკლისები დაუშვა.

კერძოდ, ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, 200 000 ლარამდე თანხის უცხოურ ვალუტაში აღება დასაშვები გახდა იმ შემთხვევებში, თუკი მსესხებელს ბანკში იმ რაოდენობით აქვს სავალუტო დეპოზიტი, რა რაოდენობის სესხსაც იღებს. ექსპერტების ნაწილის თანახმად, ამ წესს მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ აქვს დაკრედიტებაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის მაისიდან სესხის აღება გარკვეულწილად გართულდა. კერძოდ, 2022 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რომლის თანახმადაც, თუ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთს, სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) დათვლის მიზნით, ყოველთვიური გადასახდელის დაანგარიშება აღნიშნულ სესხზე/სესხებზე უნდა მოხდეს PTI-ს დათვლის მომენტში არსებული ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის 3 (სამი) პროცენტული პუნქტით გაზრდის გათვალისწინებითაც.

ეროვნული ბანკის თანახმად, ეს ნაბიჯი მან გადადგა ცვლადგანაკვეთიანი იპოთეკური სესხების თანხმლები რისკის დასაზღვევად. ეს რისკი კი „განსაკუთრებით საგულისხმოა“ მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე „საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით“.

როგორც წესი, უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ლარში გაცემული სესხებისა. მაგალითად, ამჟამად კომერციული ბანკები ლარს გასცემენ დაახლოებით 13%-ში, ევროში -4.5%-ში, დოლარში კი- 7%-ში.

ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება, უხეშად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს (ამჟამად 11%) დამატებული კომერციული ბანკის მიერ დამატებული განაკვეთი; დოლარსა და ევროში გაცემული იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი კი ებმის, შესაბამისად, Term SOFR-ისა Euribor-ის ინდექსებს (რომელიც განსაზღვრავენ ბანკთაშორის სესხებზე საშუალოშეწონილ საპროცენტო განაკვეთს).

2022 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, Euribor შეადგენს -0.07%-ს, ხოლო Term SOFR, ივნისის მდგომარეობით, 2.67% იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი