ახალი ამბები

„გირჩი“ გვენეტაძის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

28 ივლისი, 2022 •
„გირჩი“ გვენეტაძის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნას ითხოვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფასების სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართული ქმედებების გამოსაძიებლად

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ალექსანდრე რაქვიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მთავარი გამოძიების საგანი იქნება ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების შეთანხმებული მოქმედება. 2020-2021 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფულის მიწოდება, რაც 2021 წლის მეორე ნახევარში ორნიშნა ინფლაციაში გამოიხატა. გაზრდილი ფულის მიწოდების პირობებში, კომერციულმა ბანკებმა რეკორდული მოგება მიიღეს.

იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული ბანკების და მათთან აფილირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ეს პერიოდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას იცავდნენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეროვნულ ბანკზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა უგულებელყოფილი იყო საბანკო სისტემის სუბსიდირებისთვის“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა. მისი განმარტებით, სახეზეა კონსტიტუციის 68-ე მუხლის დარღვევა, რაც პარლამენტს უჩენს ვალდებულებას, აღნიშნული გადაწყვეტილებების გარემოებები გამოიძიოს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ გეგმავს დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, 3 თვის განმავლობაში საკითხის შესწავლის მიზნით, საჯაროდ გამოკითხოს საქმესთან დაკავშირებული პირები. ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, საქმის შესწავლის შემდეგ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

ალექსანდრე რაქვიაშვილმა კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„იმ ვითარებაში, როცა ცოტანი ვართ ოპოზიციაში, ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნა რთულია. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, პოლიტიკოსს, დამოუკიდებელ დეპუტატს, რომ მხარი დამიჭირონ, რათა უკვე სექტემბერში გვქონდეს შანსი შევქმნათ ეს საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტის წევრების წინაშე გუშინ, 27 ივლისს წარდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი