ახალი ამბები

თბილისის საკრებულოში ენმ-ის წევრების ნაწილი დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას ითხოვს

1 დეკემბერი, 2023 • 1208
თბილისის საკრებულოში ენმ-ის წევრების ნაწილი დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას ითხოვს

თბილისის საკრებულოს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ პარტიის არსებული მენეჯმენტი არჩევის დღიდან გამოხატავს და ქმედებებით ამტკიცებს, რომ ის არ არის ორიენტირებული პარტიის ერთობაზე, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის არსებობასა და პარტიის შიგნით განსხვავებული აზრისა და დისკუსიის შენარჩუნებაზე.

განცხადების ავტორების თქმით, პრობლემა სათავეს იღებს თავმჯდომარის არჩევიდან მეხუთე დღეს მიღებული გადაწყვეტილებიდან პოლიტსაბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც თვეების განმავლობაში, მენეჯმენტისა და თავმჯდომარის ქმედებებითა თუ რიტორიკით, გადაიზარდა მწვავე კრიზისში, რომელიც არა თუ გვარდება, აღიარებულიც არ არის და ღრმავდება:

„დღეს უკვე კრიზისის დაყვანა პოლიტსაბჭოს წევრობა/არ წევრობამდე, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემიდან გაქცევაა და არა მისი აღიარება და მოგვარებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიზისმა პარტიის ყველა რგოლი მოიცვა, რასაც ნათლად ხედავს ამომრჩეველი და ამას საჯაროდ აფიქსირებენ პარტიის მაღალი თანამდებობის პირები. ეს პარტია იმსახურებს ბევრად მეტს, ვიდრე ახლა ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველსა და საზოგადოებას“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

თბილისის საკრებულოში ენმ-ის წევრების თქმით, ხალხის მოთხოვნა არის ერთობა და მართვის დემოკრატიული პრინციპები და  საკუთარი პარტიის მაგალითზე საზოგადოებას უნდა აჩვენონ, რომ პარტიას სახელმწიფოს მართვის სადავეებთან მოსვლის შემთხვევაში შეუძლია იყოს ყველას წარმომადგენელი და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის:

„უსამართლოდ დანიშნული პოლიტსაბჭოს გაფართოებით უსამართლობა მხოლოდ ფართოვდება, პრობლემის მოგვარების ნაცვლად. ერთი ნიკა მელიას ან თუნდაც რამდენიმე ადამიანის პარტიიდან გარიცხულად გამოცხადებით ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ მათ რიცხავთ, ამით პარტიის მიღმა ასობით პარტიის წევრსა და ათასობით მხარდამჭერს ტოვებთ.

იმისთვის, რომ დისკუსიისათვის გაჩნდეს სივრცე, არსებობდეს ერთობის შანსი და პარტია გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მივიდეს, რღვევისა და დაშლის ფონზე არ შეხვდეს 2024 წლის არჩევნებს, ვითხოვთ, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი დეპუტატები:

1. ნინო კვიტაიშვილი
2. ანა გოგოლაძე
3. მამუკა გუგეშაშვილი
4. გიორგი ონიანი
5. ზვიად კუპრავა
6. თორნიკე ბიკაშვილი

ენმ-ის თბილისის საკრებულოში 12 წევრი ჰყავს.


23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. მანიფესტში წერია, რომ დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს“. ნათქვამია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს პარტია ენმ-ის მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.

მანიფესტს ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის და პოლიტსაბჭოს წევრები, თუმცა მასზე ხელი არ მოუწერია პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მის თანამოაზრეებს.

მანიფესტის შექმნის იდეა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. მისი თქმით, მანიფესტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა.

27 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარაა.  მისი თქმით, ნიკა მელიას დრო ჰქონდა, 23 ნოემბრის მანიფესტს შეერთებოდა, თუმცა ეს არ გააკეთა.

„ფორმულას“ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხა, რადგან თავად მელიას არ განუცხადებია ენმ-ის დატოვების შესახებ და არსებობს თუ არა ამის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის პარტიის წევრი აღარაა. რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ „წერილი მისწერონ და პასუხს გაუგზავნიან“.

ხაბეიშვილის თქმით, მელიამ თავად გადაწყვიტა, რომ არ იყოს პარტიის წევრი.

ამის შემდეგ ლევან ხაბეიშვილს მელიას შესახებ კითხვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ფურცელზე დაუწერა.

„ბატონო ლევან, ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი? მომიწერეთ ხელი ამაზე “, – მიმართა ვახო სანაიამ ლევან ხაბეიშვილს და ფურცელი გაუწოდა.

ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის მიერ ფურცელზე დაწერილ კითხვას წერილობითვე უპასუხა და იმავე ფურცელზე მიაწერა – „არ არის, არ წარმოადგენს“ და თან თავის ხელმოწერა დაურთო.

მასალების გადაბეჭდვის წესი