ახალი ამბები

ენმ-ის წევრთა ნაწილმა პარტიის მანიფესტს ხელი მოაწერა

23 ნოემბერი, 2023 • 2717
ენმ-ის წევრთა ნაწილმა პარტიის მანიფესტს ხელი მოაწერა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა “ვარდების რევოლუციისადმი” მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ხელი მოაწერეს პარტიის მანიფესტს. ღონისძიება დღეს, 23 ნოემბერს, თბილისში გაიმართა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პოლიტსაბჭოს წევრები, ასევე გიგი უგულავა, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძეც, რომელიც ღონისძიების ბოლოს სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებაზე არ გამოჩენილა ენმ-ის ყოფილი თავჯდომარე, ნიკა მელია, რომელიც ლევან ხაბეიშვილის პარტიის მართვის მეთოდებს არ ეთანხმება.

მანიფესტს, რომელმაც პარტიის წევრთა ნაწილმა მოაწერა ხელი, წერია, რომ დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს“. ნათქვამია, რომ დოკუმენტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.

ენმ-ის მანიფესტის შედგება შემდეგი 11 პუნქტისგან:

  1. „ვარდების რევოლუციის“ იდეოლოგია ეფუძნება ქართველი ხალხის ძალისა და ბრძოლისუნარიანობის უსაზღვრო რწმენას და ევროპული კურსის ურყეობას;
  2. თითოეული ადამიანი პატივს სცემს სხვის უფლებებსა და თავისუფლებებს. თავისუფლება ეროვნული სიძლიერის წყაროა. პარტიებიც და ხელისუფლებაც საზოგადოების ინსტრუმენტია თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობისა და დაცულობის მისაღწევად და არა პირიქით;
  3. სახელმწიფო მუშაობს მთელი ხალხისთვის და არა პრივილეგირებული მცირე ჯგუფისთვის. კორუფცია და ნეპოტიზმი ჩანაცვლდება მერიტოკრატიით. ე.ი. შედეგი მიიღწევა შრომით და ნიჭიერებით. ახალგაზრდებს შეეძლებათ საკუთარი კარიერის განვითარება და წარმატების მიღწევა საკუთარ სამშობლოში და თითოეული ადამიანის პოზიციას, ხმას და ბედს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება;
  4. თანაბარი უფლებები, თანაბარი სამართალი და თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ყველას, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობის, რასის, სარწმუნოების, ასაკისა და სქესისა;
  5. ნებისმიერი ფორმის ოლიგარქია არის ქართული სახელმწიფოს და მოქალაქეთა კეთილდღეობის მტერი. საქართველოში ხელისუფლება მიტაცებულია რუსი ოლიგარქის მიერ, რომელიც ანადგურებს ერის ბუნებრივ სტრუქტურას, ლამობს ქართული მებრძოლი სულის ჩანაცვლებას — უმწეობისა და მონობის სულისკვეთებით. ახლავე თუ არ გავთავისუფლდით მისი მარწუხებისგან, საქართველო შეიძლება გაქრეს, ამიტომ ჩვენ სისტემაზე ტოტალურ შეტევას განვახორციელებთ;
  6. საქართველოს განვითარების გზა უკლებლივ ყველა რეგიონის წინსვლაზე გადის;
  7. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მიზანი;
  8. სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას;
  9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაატარებს დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას;
  10. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არცერთმა თაობამ თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. ამისთვის პენსიონერებს, ათწლეულების განმავლობაში, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა კარგი პენსიით და თუ გადაწყვეტენ, მუშაობითაც იცხოვრონ ღირსეულად, რათა ისინი არ იმყოფებოდნენ მონოპოლისტური ვალის ტყვეობაში. ამასთანავე, მომავალ თაობებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ნამდვილი ევროპული განათლება ყველა დონეზე, პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციების გარეშე;
  11. პარტიის ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება პარტიის წევრების უშუალო ჩართულობას. პარტიის ყველა ორგანოს და საარჩევნო სიების შედგენა, ისევე როგორც მთავრობის წევრების კანდიდატურების დამტკიცება, უნდა ხდებოდეს პარტიის წევრების კენჭისყრის გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი