ახალი ამბები

თავისუფალი არჩევნების გარეშე ვერ ვიქნებით EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ღირსი — ზურაბიშვილი

22 ნოემბერი, 2023 • 1147
თავისუფალი არჩევნების გარეშე ვერ ვიქნებით EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ღირსი — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც შეუერთდნენ ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“.

ზურაბიშვილმა ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიის მიერ იყო მიღებული, თქვენი დიდი წვლილია (არ მინდა ახლა დავიწყო, ვის რა წილი ეკუთვნის). რომ არა 8 მარტის გამოსვლები, რომ არა ევროპიდან საქართველოში დანახული ევროპული დროშები და რომ არა ეს დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, შეიძლება ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ დიდი მადლობა თქვენი წვლილისთვის. მაგრამ, ეს ამით არ მთავრდება, თქვენი წვლილი და თქვენი გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ახალგაზრდების მობილიზაცია აუცილებელია ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისთვის.

„არასოდეს უნდა ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია და რაღაცნაირად მოვდუნდეთ“, — თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ 15 დეკემბრის შემდეგ იწყება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი.

„იწყება ის ეტაპი, როცა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რეალურად ეს სტატუსი, რაც დიდი ალბათობით მოგვენიჭება, ამისი ღირსნი ვართ. ჩვენ სხვანაირად ვერ ვაჩვენებთ ამას, თუ არა იმით, რომ ჩავატარებთ ძალიან ღირსეულ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს. აქ მე პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ. ეს ყველას სურვილია და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ ვერ ვიქნებით შემდეგი ეტაპის ღირსი, რომელიც იმ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რომელიც ძალიან რთული და დიდი პროცესია“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დიდი ალბათობით უკვე დეკემბერში გახსნიან უკრაინასთან და შესაძლებელია, მოლდოვასთანაც, მაგრამ „ეს საბოლოოდ არავინ იცის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი