ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები შალვა პაპუაშვილს შეხვედრას სთხოვენ

16 ნოემბერი, 2023 • 2107
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები შალვა პაპუაშვილს შეხვედრას სთხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სთხოვენ, დაფინანსების წესის ცვლილებამდე, შეხვდეს და მათი მოსაზრებები მოისმინოს. ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივ მაუწყებელზე თანამშრომლების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

მათი შეფასებით, პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგდოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შესახებ “ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს”.

“დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არ ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ”, – ვკითხულობთ მაუწყებლის თანამშრომელთა ერთობლივ განცხადებაში.

მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ინსტიტუცია, საფრთხის წინაშე დგას.


პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესს ცვლის. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად აღარ გაიზრდება.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წევრები. მანამდე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრ რომან გოცირიძესაც ჰქონდა, თუმცა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით კი მსგავსი კანონოპროექტი პარლამენტში თავად უმრავლესობის ინიციატივით დარეგისტრირდა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას,  დღეს მოქმედი კანონით, თითქმის 15 წელია,  მისი დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ის ოდენობით ხდება. შესაბამისად, მაუწყებლის დაფინანსება მშპ-ს პროპორციულად იზრდება.

მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მილიონ ლარს, უკვე 2023 წელს მაუწყებელმა 101  მილიონი ლარი მიიღო, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მილიონის გამოყოფა.

წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესი და შემოთავაზებულია, რომ მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინებით, ის დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი