ახალი ამბები

ჩინეთის ელჩს განუმარტეს, რომ ზურაბიშვილის პასუხი პუტინს შეეხებოდა

14 ნოემბერი, 2023 • 2630
ჩინეთის ელჩს განუმარტეს, რომ ზურაბიშვილის პასუხი პუტინს შეეხებოდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა დღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ნათია სულავამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე.

„მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოსა და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“, — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუბარია ზურაბიშვილის ინტერვიუზე ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან, სადაც პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა, იმედოვნებდა თუ არა, რომ პუტინი და სი ძინპინი როდესმე გასამართლდებიან:

„ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს. სი ძინპინი – უიღურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს? პუტინი, რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ… “,— ჰკითხა ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა:

„მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? — არა. ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება. არ ვართ ალისას (საოცრებათა) სამყაროში“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ემიჯნებიან და აკრიტიკებენ პრეზიდენტს აღნიშნული ინტერვიუსთვის.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა და სინანული გამოთქვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების გამო.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამარცხვინო უწოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და თქვა, რომ მთავრობას ამის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია.

ზურაბიშვილი პუტინის გასამართლებას არარეალისტურად მიიჩნევს

ღარიბაშვილმა სი ძინპინზე ზურაბიშვილის განცხადების გამო ელჩთან სინანული გამოხატა — მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი