ახალი ამბები

ზურაბიშვილი პუტინის გასამართლებას არარეალისტურად მიიჩნევს

11 ნოემბერი, 2023 • 3394
ზურაბიშვილი პუტინის გასამართლებას არარეალისტურად მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვლადიმერ პუტინის გასამართლება ისტორიული შედეგი იქნებოდა, მაგრამ ეს არარეალისტურია.

„იმიტომ რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება. არ ვართ ალისას (საოცრებათა) სამყაროში“, — თქვა ზურაბიშვილმა ფრანგულ LCI-სთან ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ იქნება დიდი მოლაპარაკება, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უნდა მოიცვას.

„რა თქმა უნდა, ბოლოს იქნება მოლაპარაკებები. ყველაფერი სრულდება მოლაპარაკებით, რომ დაფიქსირდეს საბოლოო შედეგი. რაღაც მომენტში რუსეთი იძულებული უნდა გახდეს, რომ დასთანხმდეს, ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებით. ზოგი ამბობს, რომ ის ბოლომდე უნდა განადგურდეს. მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს საბოლოო მოლაპარაკების გამოწვევაა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გამოსვლაც. მხოლოდ ზელენსკი არ დაიბრუნებს სრულად უკრაინის ტერიტორიებს, რაც უმთავრესი მიზანია, მაგრამ საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, სანამ რუსეთი იკავებს თუნდაც ერთ კვადრატულ კილომეტრ სხვის ტერიტორიას, ვერ იქნება პარტნიორი ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაში.

ზურაბიშვილი არ ფიქრობს, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რუსეთის დაშლა, ისევე როგორც ბლეფად მიიჩნევს რუსეთის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენების ალბათობას.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ზურაბიშვილის თქმით, დასავლეთში ბევრი თავს იბრმავებდა როგორც საქართველოს, ისე 2014 წელს ყირიმის ოკუპაციაზე. სალომე ზურაბიშვილმა შეაქო პრეზიდენტ ზელენსკის წინააღმდეგობა და თქვა, რომ მისი „უპირობო გულშემატკივარია“.

ზურაბიშვილის თქმით, ის ძალიან ბედნიერია დღეს, როცა ხედავს, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ძირითადი მხარდამჭერები არიან საფრანგეთი, გერმანია — ისინი, ვინც ბუქარესტში დაბლოკე საქართველოს კანდიდატურა.

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის გაფართოებაზე და თქვა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთდროულად გახდებიან ორგანიზაციის წევრი.

„ეს მოხდება 2030 წელს, 2031, თუ 2029 წელს, არ ვიცი, მაგრამ მომდევნო წევრები შევლენ დაახლოებით ერთად. ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა. ძალიან საინტერესოდ მეჩვენება შარლ მიშელის იდეა — 2030 წელი არის ჰორიზონტი, რომელიც გაფართოებისთვის მოიაზრება. ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ასოცირება თემატურად, იმ საკითხებზე, რაშიც ისინი მზად არიან, მაგალითად, საქართველოსთვის ტრანსპორტის, შავ ზღვაზე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, ხმის უფლების გარეშე, მაგრამ ეს წინასწარი ასოცირება უკეთესად მოამზადებდა კანდიდატებს იმაზე, რაც მათ შესაბამის მომენტში მოელით“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი