ახალი ამბები

ღარიბაშვილმა სი ძინპინზე ზურაბიშვილის განცხადების გამო ელჩთან სინანული გამოხატა — მთავრობა

13 ნოემბერი, 2023 • 1318
ღარიბაშვილმა სი ძინპინზე ზურაბიშვილის განცხადების გამო ელჩთან სინანული გამოხატა — მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა ჩინეთის ელჩთან სინანული გამოთქვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

საუბარია ზურაბიშვილის ინტერვიუზე ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან, სადაც პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა, იმედოვნებდა თუ არა, რომ პუტინი და სი ძინპინი როდესმე გასამართლდებიან:

„ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინპინი, უიღურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი, რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ“ ,— ჰკითხა ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა:

„მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა.“.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტის აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.

პრემიერის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასე მოიქცა.

„პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ.

პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, შეინარჩუნონ ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგი და იმუშაონ ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო განსამტკიცებლად“ ,— წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი