ახალი ამბები

უნგრეთში ახალი კანონის მიღებას აპირებენ “მედიისა და არასამთავრობოების წინააღმდეგ”

13 ნოემბერი, 2023 • 934
უნგრეთში ახალი კანონის მიღებას აპირებენ “მედიისა და არასამთავრობოების წინააღმდეგ”

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ სამშაბათს წარადგენს კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც ახალი, “უნგრეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი” აქტივობების გამომძიებელი უწყება შეიქმნება, იტყობინება „გარდიანი“.

როგორც უნგრელი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ორბანის რიტორიკის გათვალისწინებით ამბობენ, კანონის მიღებით უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდება დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე.

კონკრეტულად რა წერია კანონპროექტში, უცნობია – „ფიდესს“ ის ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ პარტიის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ კანონპროექტი შეიძლება შეეხოს პოლიტიკური პარტიებისა და ასევე, მედიისა და ორგანიზაციების უცხოურ დაფინანსებას. კერძოდ, უცხოური დაფინანსების მქონე აქტორები, სავარაუდოდ, ზემოხსენებული ახალი უწყების რეგულირების სფეროში მოექცევიან.

წლებია ვიქტორ ორბანის რიტორიკაა, რომ უცხოეთი – ბრიუსელი და ვაშინგტონი –  ერევა უნგრეთის შიდა საქმეებში, ქვეყნის ინტერესების წინაღმდეგ მოქმედებენ და ხელისუფლების ცვლილება სურთ. სექტემბერში მან კვლავ ისაუბრა უცხოეთიდან დაფინანსების პრობლემაზე და თქვა, რომ ზოგი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფი და მედიასაშუალება „ფინანსირდება ბრიუსელის ან [ჯორჯ] სოროსის ქსელის [მიერ]“.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელიც, მთავრობის მტკიცებით, გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა, უნგრეთში 2017 წელსაც მიიღეს. თუმცა ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ის უნგრელთა უფლებებს არღვევდა და გააუქმა.

უნგრელი ჟურნალისტების მოსაზრებით, შემდეგ წელს ევროპარლამენტში დანიშნული არჩევნების ფონზე, მთავრობა ცდილობს, კრიტიკული ხმები ჩაახშოს. „[ორბანის მთავრობამ] ომი გამოუცხადა კრიტიკულ მედიას“, – წერს დამოუკიდებელი გამოცემა „ტელექსი“.

მართალია, კანონპროექტის ზუსტი შინაარსი ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ გაბორ პოლიაკი, უნგრელი ექსპერტი მედიის სამართლის საკითხებში, ამბობს, რომ კანონპროექტი საფრთხეა დამოუკიდებელი მედიისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. თუმცა მისთვის ჯერ არაა ნათელი, ახალი უწყება უბრალოდ ფორმალური სტრუქტურა იქნება თუ ხელისუფლება „პუტინისტურ“ მიდგომას აირჩევს.

„თუკი იქნება რეალური სამართლებრივი საფრთხე უცხოური დახმარებისთვის, ეს, ფაქტობრივად, დასასრული იქნება დამოუკიდებელი მედიისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, – აღნიშნავს პოლიაკი.

თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ახალი კანონპროექტი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების მცდელობაა, სხვა საკითხებიდან გადაიტანოს ყურადღება.

„როგორც წესი, ფიდესი ასეთ კამპანიას იწყებს, როცა სურს, ხალხის ყურადღება გადაიტანოს რეალური პრობლემებიდან, როგორიცაა ინფლაცია, ჩვენი განათლების, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სისტემები“, – ამბობს მარტონ ტომპოში, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი და ხაზს უსვამს: „თუკი მთავრობას მართლაც სურს ებრძოლოს იმას, რაც უნგრეთის სუვერენიტეტს ემუქრება, უნდა დაიწყონ თავიანთი შეთანხმებებით მოსკოვთან და პეკინთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი