საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გავაგრძელებ ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები“, — წერს პრეზიდენტი.
მან ასევე მიულოცა უკრაინისა და მოლდოვის ლიდერებს დადებითი რეკომენდაცია ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ 2022 წლის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრებაზე. იმავე წლის ზაფხულში უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველომ – ევროპული პერსპექტივა.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი მოსალოდნელია ევროკავშირის ლიდერების 14-15 დეკემბრის სამიტზე.