საზოგადოება

ევროკომისია: მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა დათქმებით

8 ნოემბერი, 2023 • 1926
ევროკომისია: მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა დათქმებით

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა:

„კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე.

„კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

რა იქნება შემდეგ?

ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, გადაწყვეტილება სტატუსის საკითხზე უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, ამავე წლის დეკემბერში. ევროპული საბჭო პოლიტიკური ორგანოა და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შედიან. ანუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი EU-ს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს.კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა, თუმცა, ეს, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია.


საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ 2022 წლის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. იმავე წლის ზაფხულში მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველომ – ევროპული პერსპექტივა და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია სტატუსის მისაღებად. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ საქართველომ როგორც 2022 წელს, ასევე ახლაც დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ის უსამართლობის გამო ვერ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი