ახალი ამბები

SJC ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში პოლიციის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

7 ნოემბერი, 2023 • 1278
SJC ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში პოლიციის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის თაობაზე “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში საპოლიციო მუშაობის გაძლიერებისა და ადრეული შეტყობინების სისტემის დაუყოვნებლივ დანერგვისკენ.

ამის თაობაზე განცხადება SJC-მ დღეს, 7 ნოემბერს გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის მოსახლეობა თავს დაცულად არ გრძნობს და ხშირია მოქალაქეების დაკავების შემთხვევებიც, თუმცა, ამის მიუხედავად, სოფელში არ არის პოლიციის განყოფილება, პატრულირებას კი არ აქვს რეგულარული სახე.

“განგრძობადი ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაერთი საქართველოს მოქალაქის უფლება უხეშად ირღვევა”, — წერს SJC და აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2016-2022 წლამდე ცხინვალის მიმართულებით 624, აფხაზეთის მიმართულებით კი 337 ადამიანი დააკავეს.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ დაკავებებს თან ახლავს ღირსების შემლახავი მოპყრობა, ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის ხელყოფაც.

“სამწუხაროდ, სუსტია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების პრევენციის მიზნით. ამ დრომდე გამყოფი ხაზის სოფლებში არ ფუნქციონირებს ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისა და პრევენციული ზომების მიღების შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნულ სოფლებში არასაკმარისია საპოლიციო მუშაობაც. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული 2022 წლის რაოდენობრივი კვლევის შესაბამისად, ცხინვალის მიმართულებით გამყოფი ხაზის სოფლების 63%-ში არ არის პოლიციის განყოფილება, ამავე სოფლების 39%-ში კი პოლიცია არ პატრულირებს”, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და არსებითად მიიჩნევს ხელისუფლების მიერ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:

  • დაიწყოს გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე და უზრუნველყოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და დასჯა;
  • გააძლიეროს ძალისხმევა დაკავებული ლევან დოთიაშვილის დროული გათავისუფლების მიზნით;
  • საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დაუყოვნებლივ დანერგოს ადრეული შეტყობინების სისტემა და არსებითად გააძლიეროს ამ სოფლებში საპოლიციო მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის მიზნით;
  • გააძლიეროს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური და დიპლომატიური მუშაობა საქართველოში რუსეთის ოკუპაციისა და მისგან მომდინარე მასობრივი უფლების დარღვევის ფაქტების აღიარებისა და რუსეთზე საგარეო პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების მიზნით. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით პოლიტიკური ძალისხმევა შემცირებული და დასუსტებული ჩანს;
  • გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები აგვისტოს ომის შემდეგ უფლების დარღვევის უმძიმეს ფაქტებზე დავისთვის და მსხვერპლების ინტერესების დაცვისთვის.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში (EUMM) დაგმო ძალის გამოყენება და გამოთქვა უკიდურესი შეშფოთება „სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის სიკვდილი“.

„რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ“, — ნათქვამია მისიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი