ახალი ამბები

ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

8 თებერვალი, 2024 • 962
ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით,  რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხინვალის ციხეში ჰყავდათ, გათავისუფლებულია. 

საუბარია ქარელის რაიონის მკვიდრ პეტრე კალაშნიკოვზე. 

“პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში”, – აცხადებს სუსი. 

ეს არ არის რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების პირველი შემთხვევა.  ათასობით მსგავსი შემთხვევაა 2008 წლის ომის შემდეგ. მარტო 2009-2019 წლებში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზზე საქართველოს 3 193 მოქალაქე დააკავეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი