ახალი ამბები

ოპერისა და ბალეტის თეატრის 36 თანამშრომელი გაიფიცა

3 ნოემბერი, 2023 • 1992
ოპერისა და ბალეტის თეატრის 36 თანამშრომელი გაიფიცა

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა.

პროფკავშირის განცხადებით, თეატრში სამუშაო მოცულობის ინტენსიურად გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა. კერძოდ, განათლებისა და კულტურის პროფკავშირში აცხადებენ, რომ დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია.

როგორც „ნეტგაზეთს“ განათლებისა და კულტურის პროფკავშირის თავმჯდომარემ ნიკოლოზ წიქარიძემ განუცხადა, დასაქმებულები ოპერის მენეჯმენტისგან ხელფასის 100%-იან მატებას ითხოვდნენ, თუმცა მედიაცია უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც დასაქმებულებმა კანონით მინიჭებულ გაფიცვის უფლებას მიმართეს.

წიქარიძის თქმით, საუბარია სადადგმო ნაწილის 36 თანამშრომელზე, რომელთა საქმიანობის გარეშეც ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლები ვერ გაიმართება. ამასთან, წიქარიძე აცხადებს, რომ გაფიცვის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ოპერიდან გაათავისუფლეს პროტესტში მონაწილე ორი თანამშრომელი, რომელთა აღდგენასაც გაფიცულები ითხოვენ.

„დასაქმებულები ითხოვენ ხელფასების მატებას! ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ დამსაქმებელმა ორი თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. ახლა უკვე გაფიცულთა მოთხოვნა ამ ადამიანების სამსახურში აღდგენაცაა. მიუხედავად მედიაციის უშედეგოდ დასრულებისა, მოვუწოდებთ დამსაქმებელს, დააკმაყოფილოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები. დროა ოპერის სხვა თანამშრომლები შემოუერთდნენ ბრძოლას შრომის ღირსეული ანაზღაურებისა და პირობებისთვის. მოგიწოდებთ ყველას, დავუდგეთ გვერდში ამ ადამიანებს“, — აცხადებენ განათლებისა და კულტურის პროფკავშირში.

უახლოესი წარმოდგენა თეატრში 14 ნოემბერსაა ჩანიშული.

განახლება, 19:55: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსმა გაავრცელა განცხადება სადაც აღნიშნულია, რომ მათსა და პროფკავშირს შორის გაიმართა შრომითი მედიაციის
პროცესი, თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების ხელფასების ზრდასთან
დაკავშირებით.

ოპერის ცნობით, დასაქმებულთა მოთხოვნას წარმოადგენდა არსებული ხელფასების
100%-ით მატება.

როგორც ოპერა აცხადებს, მედიაციის პროცესის დასრულებამდე გადაწყდა, რომ დასაქმებულებს, არსებული საბიუჯეტო რესურსის, კერძოდ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, 2024 წლის 01 იანვირიდან, შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ 35-40%-ით.

„შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც თანამშრომლების ნაწილმა, 2023 წლის 3 ნოემბრიდან, მიიღო გაფიცვის გადაწყვეტილება“, — აცხადებს ოპერისა და ბალეტის თეატრი.

განახლება, 20:50 — ოპერისა და ბალეტის თეატრმა პირველი განცხადებიდან მალევე ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „თეატრის სცენის სამსახურის სხვა თანამშრომლები აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და  თეატრის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი