ახალი ამბები

“ინვესტორმა გამოიწია და ხელი გამარტყა” — დაპირისპირება ბალდის კანიონის გამო

2 ნოემბერი, 2023 • 2788
“ინვესტორმა გამოიწია და ხელი გამარტყა” — დაპირისპირება ბალდის კანიონის გამო

დღეს, 2 ნოემბერს, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბალდის კანიონში მშენებლობის ადგილობრივი მოწინააღმდეგეები და ინვესტორი. 

როგორც აქტივისტები ამბობენ, პირადად ინვესტორი და მასთან მომუშავე პირები სიტყვიერ შეურაცხყოფას არ დასჯერდნენ და პროტესტის მონაწილეებზე ფიზიკურადაც გაიწიეს.

აქტივისტების თქმით, ამის ინიციატორი გიორგი მერკვილაძე იყო, შპს „კანიონი 350-ის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი. მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” სწორედ ამ კომპანიისგან მოითხოვს მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას. კომპანიაში ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფენ და არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენებზე საუბრობენ.

ნეტგაზეთი ინციდენტის შემდეგ მოძრაობის “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” ერთ-ერთ წარმომადგენელს, თაზო რუხაიას ესაუბრა.

“აშკარად პროვოკაციაზე მოდიან. იხელთეს მომენტი, როდესაც არც კამერა გვქონდა ჩართული და სულ 4 ადამიანი ვიყავით ადგილზე, ისინი 15-მდე იყვნენ. თავიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, მაგრამ ამას არ დასჯერდნენ. თვითონ ინვესტორი გიორგი მერკვილაძე იყო, ვინც ჩემზე გამოიწია და ხელი გამარტყა. 6-7 ადამიანი დამესია. გამანეიტრალეს, თან, მირტყამდნენ. დანარჩენებიც ასე დაჭერილი ჰყავდათ”, — ამბობს თაზო რუხაია.

როგორც რუხაია ამბობს, მოძრაობის წევრებმა პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა მათ გულგრილობაში ადანაშაულებს.

“გამოვიძახეთ, მოვიდნენ, მაგრამ ჩვენ არ დაგვლაპარაკებიან. ვინც ჩვენ თავს დაგვესხა, მათთან მივიდნენ. იქ, ალბათ, შინაურული საუბრები ჰქონდათ და შემდეგ ისე დატოვეს ტერიტორია, რომ ჩვენთვის არაფერი უკითხავთ. მარტვილის პოლიციის უფროსი ისედაც შემჩნეული გვყავს მერკვილაძესთან მეგობრობაში. თავადვე აქვს ნათქვამი და ჩვენი ყურით გვაქვს ეს მოსმენილი”, — ეუბნება ნეტგაზეთს თაზო რუხაია.

ნეტგაზეთი შპს „კანიონი 350-ის“ დირექტორ გიორგი მერკვილაძესაც დაუკავშირდა. ინვესტორი ჩვენთან საუბრისას ჩხუბს უარყოფს, თუმცა ადასტურებს სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტს. ის, თავის მხრივ, პროვოკაციაში პროტესტის მონაწილეებს ადანაშაულებს და მათ უკან არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენებს ხედავს.

“როგორც აქამდე იტყუებოდნენ, ისე იტყუებიან ახლაც. შეაშინეს ადგილობრივი მუშები, ყველა პასუხს აგებთო. მერე მე სხვა მუშები მოვიყვანე მარტვილიდან, სენაკიდან, სხვა ქალაქებიდან. უნდოდათ, რომ იმათთანაც იგივე მომხდარიყო და მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება ამიტომ. სიტყვიერი შელაპარაკება იყო, როგორც ასეთი, ჩხუბი არ მომხდარა”, — ამბობს მერკვილაძე.

კომპანიის დირექტორს ვკითხეთ იმის თაობაზეც, რომ თავად იყო დასახელებული ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორად, რაც კატეგორიულად უარყო. 

“ჩვენ თავად დაგვირეკა პოლიციამ, რა მოხდაო. ვუთხარი, რომ ასეთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა და მოვიდნენ. პოლიცია ჩვენ ყოველდღე გვირეკავს, დილით, შუადღეს და საღამოს. იციან მათი [პროტესტის მონაწილეების] ქმედებები.

რა უნდათ, ეგეც იციან და რა დავალებაც აქვთ. ასე არიან დარიგებული ენჯეოებისგან, რომ ჩხუბი უნდა მოხდეს. ერთი გადამღებია, მეორე -შემგინებელი და მაგათი მიზანია, ჩხუბი მოხდეს, ჩვენ ხელი დავარტყათ. ვერ აიტანეს, რომ მუშაობა გავაგრძელეთ და ახალ თანამშრომლებზე არ აქვთ ზეგავლენა, რადგან მათი სოფლელები არ არიან”, — ამბობს კომპანიის დირექტორი.

მოძრაობამ „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ პროტესტის უწყვეტად გასაგრძელებლად და სამშენებლო  არეალთან ახლოს ყოფნის მიზნით, 23 ოქტომბრიდან კარავი გაშალა და კანიონის ტერიტორიაზე უწყვეტად იმყოფება.

შპს „კანიონი 350-ს“ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. კომპანიას 3 წლის ვადა აქვს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ვალდებულია, პროექტში 2.8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადოს.

კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა. მოძრაობის პროტესტის საფუძველი, ერთი მხრივ, ეკოლოგიურია და გარემოზე ზიანის საკითხებს უკავშირდება. მეორე მხრივ, პროტესტის მონაწილეები ხაზს უსვამენ მოსახლეობის უგულებელყოფას იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომლის შედეგადაც ტერიტორია 40 წლის ვადით კომპანიას გადასცეს, რასაც “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” კანონდარღვევად აფასებს და მოძრაობის წევრებთან ერთად, სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი