ახალი ამბები

მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარადგინა

3 ნოემბერი, 2023 • 1560
მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარადგინა

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ, 3 ნოემბრის სხდომაზე განიხილა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი, რომელიც პარლამენტს გაეგზავნება.

ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაზრდილია 700 მილიონით და მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი 28.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის „კონსერვატიულად დაგეგმილი ბიუჯეტი“, 5%-იანი ეკონომიკური ზრდით.

2024 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 2,5%-ით განისაზღვრება, ხოლო მთავრობის ვალი შეადგენს მშპ-ის 38,2%-ს.

„ასეთი კონსერვატიული დაგეგმვის პირობებშიც, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იქნება 85.37 მილიარდი ლარი“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში, მისი თქმით, 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108 მილიარდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 800 დოლარს გადააჭარბებს.

მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდებისა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიუჯეტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი რესურსების მობილიზების საჭიროებები.

„გავაანალიზეთ საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები, გამოიკვეთა, რომ 2024 წელს ჩვენ შეგვეძლება დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო/საფინანსო სექტორიდან. ვითვალისწინებთ მათ მოგებას და აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს დაკვირვება გაგრძელდება და ვნახავთ, კიდევ დამატებით რა რესურსები შეიძლება გამოინახოს. 300 მილიონი ლარი დამატებით მოგვაქვს საბანკო/საფინანსო სექტორიდან”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონ ლარი დააანონსა პრემიერ-მინისტრმა სათამაშო ბიზნესიდან, რომლის დაბეგვრის განაკვეთები იცვლება. ღარიბაშვილის თანახმად, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5%-ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად.

ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე გაიმეორა დაპირება პედაგოგების ხელფასის ზრდის შესახებ. განათლების სამინისტროს დამატებით 160 მილიონი ლარი გამოეყო და, ჯამში, 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს.

„სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ზოგს შეიძლება, 600 ან 700 ლარით გაეზარდოს“, — განაცხადა პრემიერმა.

ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი და, ჯამში, 800 მილიონ ლარს შეადგენს.

დამატებით 70 მილიონი ლარის გამოყოფა განსაზღვრულია ეკონომიკის სამინისტროსთვის აეროპორტების მშენებლობისთვის, რაც მოიცავს ქუთაისის აეროპორტის ახალს ასაფრენ-დასაფრენი ზოლს, თელავის აეროპორტსა და ვაზიანის აეროპორტის პროექტირებას.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი.

„50 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოვუყავით. ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია. გაზაფხულზე მშენებლობა დაიწყება. მაქსიმუმ დეკემბერი-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს“, — თქვა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, გაგრძელდება საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა.

2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. ზემოაღნიშნული პარამეტრები ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტშიც არ იცვლება და ითვალისწინებს მათ შორის პენსიების ზრდას და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ყოველწლიურ 10%-იან ზრდას.

„ჩვენ მოვიცავით თითქმის ყველა ჯგუფი, გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია. მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს [1000-მდე ოჯახს რეგიონებში]“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 65 მლნ ლარი და ჯამური ბიუჯეტი იქნება 7 მილიარდ 800 მილიონი ლარი.

„გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. გარდა იმისა, რომ პენსიონერებს გავუზარდეთ პენსია და უკვე 500 ლარამდე აიწია, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზრდილ პენსიას მიიღებენ ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

„პენსიის მაქსიმალური ზღვარი დღემდე ჩაკეტილია 560 ლარზე. ეს პენსია გაიზრდება 1000 ლარამდე. ასევე, საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება“, — განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალოვან უწყებებს, ჯამურად, თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდა დაფინანსება:

„ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ თავდაცვას 10 მილიონს. 50 მილიონს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივცემთ, საიდანაც 20 მლნ ლარი მოხმარდება სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

სპორტის მიმართულებით, მისი თქმით, დამატებით გამოიყოფა 20 მილიონი ლარი, საიდანაც 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს, 5 მლნ ლარიკი  მოხმარდება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდას.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას.

ზრდა გათვალისწინებულია თბილისშიც — 2024 წელს თბილისის მთლიანი ბიუჯეტი იქნება 1 მილიარდ 875 მილიონი ლარი.

გასაკვირი და სამწუხაროა, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება — ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი