ახალი ამბები

მასწავლებლის ხელფასი 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვისას — ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი, 2023 •
მასწავლებლის ხელფასი 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვისას — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით ნახევარი მილიარდი ლარი გამოიყოფა, აქედან 160 მილიონი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

„თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით მთავრობამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით, ჩვენი მინისტრი და მთლიანად ჩვენი მთავრობა ვმუშაობთ. ახლა კიდევ უფრო მეტად, ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა. გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც, სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, კონკრეტულ ხედვაზე განათლების სამინისტრო მუშაობს და მას უახლოეს მომავალში წარმოადგენენ.

„ყველაზე დიდი გავლენა, ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის განვითარებაზე, აზროვნებაზე, ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად, ხართ თქვენ — სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია“, — მიმართა ღარიბაშვილმა პედაგოგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი