საზოგადოება

გასაკვირი და სამწუხაროა, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება — ღარიბაშვილი

3 ნოემბერი, 2023 • 1653
გასაკვირი და სამწუხაროა, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესისთვის გაიზრდება გადასახადი და 2024 წელს „დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება ამოღებული“.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტი განიხილეს.

„მინდა, ერთი მხრივ, გაკვირვება გამოვხატო და, მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა ავკრძალეთ რეკლამა და 25 წლამდე ახალგაზრდებს შევუზღუდეთ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 500 000 მოქალაქეს ავტომატურად შეეზღუდა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა, ბევრი კვლავ ჩართულია სათამაშო ბიზნესში.

მთავრობის თანახმად, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5%- ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი