ახალი ამბები

„დინამო“ ფეხბურთელებისადმი სახელფასო დავალიანებას ადასტურებს

3 ნოემბერი, 2023 • 1854
„დინამო“ ფეხბურთელებისადმი სახელფასო დავალიანებას ადასტურებს

საფეხბურთო ბლოგის „ჯეო თიმის“ ცნობით, საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბში, „თბილისის დინამოში“, ფინანსური პრობლემებია და ფეხბურთელებს უკვე სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, დათქმულ დროში ფეხბურთელებმა საკუთარი გასამრჯელო მაინც ვერ მიიღეს. გუნდში მძიმე სიტუაციაა. ამ მიზეზით ოთხშაბათს ფეხბურთელებს არ უვარჯიშიათ… ფეხბურთელთა მხარე ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში გამოუცხადებლობასაც განიხილავს“, – წერს „ჯეო თიმი“.

შემდეგი შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილზე მყოფ „თბილისის დინამოს“ ხვალ, 4 ნოემბერს, „თელავთან“ აქვს გასამართი.

„დინამო თბილისში“ „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ფეხბურთელებისადმი დავალიანება მართლაც აქვთ და მას და „უახლოეს პერიოდში“ გაისტუმრებენ.

„დინამო“ თბილისი 2011 წლიდან ბიზნესმენ რომან ფიფიას ეკუთვნის. 2022 წელს მან კლუბის გაყიდვის შესახებ დააანონსა, რაც საბოლოოდ არ შედგა.

არსებობის 98 წლის განმავლობაში „დინამომ“ მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი [1981], ორჯერ გახდა სსრკ-ის ჩემპიონი და 19-ჯერ – საქართველოსი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი