ახალი ამბები

მოლდოვა შეწყვეტს დსთ-ში საწევრო გადასახადის შეტანას

3 ნოემბერი, 2023 • 995
მოლდოვა შეწყვეტს დსთ-ში საწევრო გადასახადის შეტანას

მოლდოვა აღარ გადაიხდის საწევრო შენატანს დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის [დსთ] ორგანიზაციაში, იტყობინება ადგილობრივი გამოცემა „ინფოტაგი“.

მოლდოვის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო ორგანიზაციის სხვადასხვა განყოფილებიდან გამოსვლის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო საბანკო სანქციების ფონზე.

მოლდოვის ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტით, მცირდება საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევრო გადასახადებისთვის გამოყოფილა თანხა – 66,5 მილიონი ლეიდან 50,5 მილიონამდე. სწორედ 16 მილიონ ლეის [დაახლოებით 900 000 დოლარს] იხდიდა მოლდოვა დსთ-ის სხვადასხვა ორგანიზაციებში.

ეს არის კიშინიოვის მიერ დსთ-ის დატოვებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მოლდოვამ უკვე დატოვა ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა და გააუქმა დსთ-ის რამდენიმე შეთანხმება. მოლდოვამ დსთ-ის დატოვების პროცესი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი