მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუ ამბობს, რომ დააინიციირა პროცედურა, რომლითაც მოლდოვა დამოუკიდებელ ქვეყანათა თანამეგობრობის [დსთ] საპარლამენტო ასამბლეიდან გამოვა, იუწყება ადგილობრივი „ნიუსმეიკერი“.
გროსუს თქმით, განიხილა ინიციატივა მოქალაქეებთან, მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციასთან და პრეზიდენტ მაია სანდუსთან.
„მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელი ბარბაროსულად დაესხა თავს უკრაინას, ამ ორგანიზაციას აღარ შეიძლება ეწოდოს საზოგადოება. ეს გახდება ჩვენი ქვეყნის დსთ-დან, – რომლისგანაც მოლდოვა გეოგრაფიულად [ორგანიზაციიდან] უკრაინის გასვლის შემდეგაა დაშორებული, – გამოსვლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი“, – ამბობს გროსუ.
როგორც მოლდოვის პარლამენტის სპიკერი ამბობს, მისი ქვეყანა ვეღარ დარჩება მოლაპარაკების მაგიდასთან აგრესორ ქვეყანასთან.
„მზად ვართ, დავშორდეთ ბოროტების, ომისა და სიღარიბის წყაროს. ოცდაათი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ გვსურს კეთილდღეობა, დემოკრატია და უკეთესი მომავალი. დსთ რუსეთის მიერ საბჭოთა ნანგრევებზე შექმნილი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კონტროლია. აღარ შეგვიძლია, აგრესორ ქვეყანასთან მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დავრჩეთ“, – აცხადებს იგი.
მოლდოვამ მკვეთრად პრო-დასავლური კურსის გატარება დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად მაია სანდუ აირჩიეს. 2022 წლის ივნისში მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც გახდა.