ახალი ამბები

ვაშინგტონსა და მოსკოვში ეხმაურებიან ზალუჟნის სტატიას „ომის ჩიხში შესვლაზე“

3 ნოემბერი, 2023 • 3663
ვაშინგტონსა და მოსკოვში ეხმაურებიან ზალუჟნის სტატიას „ომის ჩიხში შესვლაზე“

ვაშინგტონსა და მოსკოვში სხვადასხვაგვარად აფასებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის სტატიას უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარებაზე.

2 ნოემბერს “ეკონომისტში” გამოქვეყნებულ სტატიაში ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ომი ჩიხშია შესული, რადგან არც ერთ მხარეს არ აქვს სერიოზული წინსვლის საშუალება.

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ზალუჟნის შესაფებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საკმაო ხანია, სერიოზული წინსვლა არ ჰქონია, არ ეთანხმება და ამბობს, რომ მოსკოვის მიერ დასახული ყველა მიზანი უნდა შესრულდეს.

„არა, [ომი] ჩიხში არ შესულა. რუსეთი თანმიმდევრულად განაგრძობს სპეციალური სამხედრო ოპერაციის [ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება ომს] ჩატარებას. ყველა დასახული მიზანი უნდა შესრულდეს. კიევურ რეჟიმს კი საკმაო ხანია უნდა გაეგო, რომ მისი ბრძოლის ველზე გამარჯვება აბსურდია“, – ციტირებს მას სამთავრობო გამოცემა „ტასს“.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი ჯონ კირბი კი ამბობს, რომ ზალუჟნის სტატია მიუთითებს უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

„ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენსმიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. ვვითარდებით და ევოლუციაც განვიცადეთ იმ თვალსაზრისით, თუ რითი უზრუნველვყოფთ უკრაინას. ვფიქრობ, ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების (ЗСУ) მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი გამოცემა „ეკონომისტში” გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი ახალ, პოზიციურ ეტაპზე გადავიდა, სტატიკური და დამღლელი ბრძოლებით.

ზალუჟნის თქმით, ამგვარი ომი რუსეთისთვისაა სასარგებლო, ვინაიდან შესაძლებლობას აძლევს, ძალები აღადგინოს. ეს კი საფრთხეა არა მარტო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, არამედ უკრაინისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის.

თუმცა უკრაინას ასეთ ომშიც შეუძლია გამარჯვება, აღნიშნავს ზალუჟნი და ხაზს უსვამს, რომ ამისთვის უკრაინელებს სჭირდებათ უპირატესობა საჰაერო სივრცეში, რადიოელექტრონული ბრძოლის ბევრად უკეთესი შესაძლებლობები, განნაღმვის ახალი ტექნოლოგიები და მეტი ადამიანის მობილიზება.

მასალების გადაბეჭდვის წესი