უკრაინის შეიარაღებული ძალების (ЗСУ) მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი გამოცემა „ეკონომისტში” გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი ახალ, პოზიციურ ეტაპზე გადავიდა, სტატიკური და დამღლელი ბრძოლებით.
ზალუჟნის თქმით, ამგვარი ომი რუსეთისთვისაა სასარგებლო, ვინაიდან შესაძლებლობას აძლევს, ძალები აღადგინოს. ეს კი საფრთხეა არა მარტო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, არამედ უკრაინისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის.
თუმცა უკრაინას ასეთ ომშიც შეუძლია გამარჯვება, აღნიშნავს ზალუჟნი და ხაზს უსვამს, რომ ამისთვის უკრაინელებს სჭირდებათ უპირატესობა საჰაერო სივრცეში, რადიოელექტრონული ბრძოლის ბევრად უკეთესი შესაძლებლობები, განნაღმვის ახალი ტექნოლოგიები და მეტი ადამიანის მობილიზება.
ზალუჟნი ამ სფეროებში კონკრეტულ პრობლემებზეც საუბრობს. უმთავრესი, მისი თქმით, საჰაერო უპირატესობაა, ვინაიდან ცის კონტროლი აუცილებელია ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციებისთვის. მისი ცნობით, ამჟამად უკრაინელთა წინსვლას რუსული ძალების საჰაერო უპირატესობა ართულებს.
რაც შეეხება რადიოელექტრონულ ბრძოლას, მას ზალუჟნი „დრონებთან ომის გასაღებად“ ასახელებს, ხოლო რუსეთი, მისივე თქმით, ახლა უფრო ძლიერია ამ სფეროში.
მორიგ საჭიროებად ზალუჟნი ასახელებს რუსული არტილერიის განადგურებას. „ამ ომში არტილერია, სარაკეტო და რეაქტიული ცეცხლი სამხედრო ამოცანების 60-80%-ს შეადგენს“, – აღნიშნავს ის და ამატებს, რომ როცა უკრაინამ პირველად მიიღო დასავლური იარაღი, საკმაო წარმატებით ანადგურებდა რუსულ არტილერიას, მაგრამ ეფექტურობა შემცირდა რუსული რადიოლოკაციური ბრძოლის სისტემების დახვეწის გამო.
უკრაინის კიდევ ერთ საჭიროებად ЗСУ-ს მთავარსარდალი ასახელებს განნაღმვისთვის საჭირო ტექნიკას. მისი ცნობით, ზოგიერთ ადგილას რუსეთის მიერ დანაღმული ტერიტორია 20 კილომეტრსაც კი აღწევს, ხოლო ტერიტორიის განნაღმვის შემთხვევაში რუსები დისტანციურად, მათი გასროლის მეშვეობით ახერხებენ ახალი ნაღმების ჩადებას.
ზალუჟნის განცხადებითვე, უკრაინას არ შეუძლია ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცთა როტაცია მარტივად განახორციელოს, ვინაიდან საკუთარ ტერიტორიაზე რეზერვების გაწვრთნის საშუალება ნაკლებად აქვს, ხოლო ზოგი მოქალაქე კანონმდებლობის ხარვეზებს იყენებს სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად. ЗСУ-ს მთავარსარდლის თქმით, ამის გამო იქმნება სამხედრო ვალდებულების მქონე პირთა ერთიანი რეესტრი და ფართოვდება იმ პირთა კატეგორია, ვისი გაწვევაც შეიძლება სამხედრო ძალებში.
„არ შეიძლება რუსეთის არდაფასება. მათ დიდი დანაკარგი განიცადეს და დიდი ოდენობით ტყვია-წამალი დაკარგეს, მაგრამ კიდევ დიდხანს ექნებათ უპირატესობა შეიარაღებაში, ტექნიკაში, რაკეტებსა და ტყვია-წამალში. უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად, მათი თავდაცვის სექტორი ზრდის წარმოებას.
ჩვენი პარტნიორები ნატოდან აგრეთვე ზრდიან საწარმოო შესაძლებლობებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა სულ მცირე წელი, ხოლო ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, თვითმფრინავების და მართვის სისტემების, ორი წელიც.
პოზიციური ომი ხანგრძლივი ომია, რაც უზარმაზარი რისკია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და სახელმწიფოსთვის. ამ მახიდან გამოძრომა თუ გვსურს, ეს [ზემოთ ჩამოთვლილი] ყველაფერი დაგვჭირდება“, – აჯამებს ზალუჟნი.
ამავე სტატიაში იგი აცხადებს, რომ ვითარება ფრონტზე ჩიხშია შესული, პირველი მსოფლიო ომის მსგავსად, და ვერც ერთი მხარე წინ ვერ მიიწევს, რადგანაც ტექნოლოგიურად ერთნაირადაა შეიარაღებული. „ღრმა და ლამაზი გარღვევა, სავარაუდოდ, არ მოხდება“, – აღნიშნავს იგი.
უკრაინის კონტრიერიშში ზალუჟნი საკუთარ შეცდომებზეც საუბრობს:
„ჩემი შეცდომა იყო. რუსეთის დანაკარგები სულ მცირე 150 000 დაღუპულს შეადგენს. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი დანაკარგები ომს შეაჩერებდა, თუმცა, არა რუსეთში, სადაც სიცოცხლე იაფად ფასობს და პუტინი ორიენტირდება პირველ და მეორე მსოფლიო ომებზე, რომლებშიც რუსეთმა ათობით მილიონი ადამიანი დაკარგა“.







